აუდიტის სამსახური - დაირღვა ევროდირექტივის ვადები, რომელიც საქართველოს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადატანას ავალდებულებს
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, დაირღვა ევროდირექტივის ვადები, რომელიც საქართველოს მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ საგზაო პირობებში ჩატარებას ავალდებულებს.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ ვალდებულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მეექვსე თავი ითვალისწინებს. დირექტივა ძალაში 2014 წლის 1-ლი სექტემბერს შევიდა, ხოლო იმპლემენტაციის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 1-ლი სექტემბერი.
„სააგენტოს მიერ დაიწყო შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე მუშაობა, განისაზღვრა ის ქალაქები, სადაც უნდა ჩატარებულიყო მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. ამასთანავე, მუნიციპალიტეტებს ეთხოვათ საგამოცდო მარშრუტების საგზაო მონიშვნებით უზრუნველყოფა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც სააგენტოს მიერ წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გათვალისწინებული იყო პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გასატანად სატრანსპორტო საშუალებების, მოედნების მოწყობის, ავტომანქანებში სხვადასხვა მოწყობილობის შეძენა−მონტაჟისთვის საჭირო თანხები. 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას ჯერ არ დამატებია რეალურ საგზაო პირობებში − დასახლებულ პუნქტებში პრაქტიკული გამოცდის კომპონენტი, შესაბამისად, დაირღვა დირექტივით განსაზღვრული ვადები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, სააგენტომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებელი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, 2017- 2018 წლებში შეისყიდა ავტომანქანები, მიკროავტობუსები, მოტოციკლები, აღჭურვა ისინი კამერებით, მოაწყო მოედნები, გადამზადდა გამომცდელი პერსონალი. შესაბამისად, სააგენტომ თავისი ვალდებულება შეასრულა. თუმცა ამ პერიოდში არც საკანონმდებლო ბაზა იყო მოწესრიგებული და არც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დასრულებული (მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, სააგენტოსთვის ცნობილი იყო, რომ მათ აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო თანხები არ გააჩნდათ).