ათწლიანი მოლაპარაკების შემდეგ მსოფლიო ოკეანის დაცვის ხელშეკრულება გაფორმდა
ათწლიანი მოლაპარაკების შემდეგ მსოფლიო ოკეანის დაცვის ხელშეკრულება გაფორმდა

მსოფლიოს ქვეყნებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, ათწლიანი მოლაპარაკების შემდეგ მსოფლიო ოკეანის დაცვის ხელშეკრულება გაფორმდა.

საზღვაო ბუნების დაცვისა და აღდგენის მიზნით, ღია ზღვის ხელშეკრულება 2030 წლისთვის ზღვების 30 პროცენტის დაცულ ტერიტორიებად გადაქცევას ისახავს მიზნად.

მოლაპარაკების ბოლო რაუნდი გაერო-ს შტაბბინაში 38 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მონაცემების თანახმად, გლობალური საზღვაო სახეობების უახლესი შეფასებით, თითქმის ათი პროცენტი აღმოჩნდა გადაშენების რისკის ქვეშ.

ახალი დაცული ტერიტორიები, რომლებიც ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული, უზრუნველყოფს შეზღუდვებს თევზაობის რაოდენობებზე, ზღვაოსნობის მარშრუტებსა და საძიებო აქტივობებზე, როგორიცაა ღრმა ზღვის მოპოვება – როდესაც მინერალებს იღებენ ზღვის ფსკერიდან 200 მეტრის ან მეტის ქვემოთ.

გარემოსდაცვითი ჯგუფები შეშფოთებულნი არიან, რომ მოპოვების პროცესებმა შეიძლება, ხელი შეუშალოს ცხოველთა გამრავლების ადგილს, შექმნას ხმაურიანი დაბინძურება და ტოქსიკური იყოს ზღვის ცხოველებისთვის.

ბოლო საერთაშორისო შეთანხმება ოკეანის დაცვის შესახებ 40 წლის წინ, 1982 წელს გაფორმდა. ესაა გაერო-ს კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ. ამ შეთანხმებამ დაადგინა ტერიტორია, რომელსაც ეწოდება ღია ზღვა – საერთაშორისო წყლები, სადაც ყველა ქვეყანას აქვს თევზაობის, ზღვაოსნობისა და კვლევის ჩატარების უფლება, მაგრამ ამ წყლების მხოლოდ 1.2 პროცენტი არის დაცული. ამ დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ მცხოვრები ზღვის ბინადრები კლიმატის ცვლილების, გადაჭარბებული თევზაობისა და საზღვაო ტრანსპორტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.