პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, ამჯერად ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში ჩავიდა
პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, ამჯერად ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში ჩავიდა

პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, ახლახან პირველი ქალი გახდა, რომელიც დედამიწის ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში ჩავიდა.

68 წლის ასტრონავტი და ოკეანოგრაფი კეტრინ სალივანი ჩელენჯერის ღრმულში, ოკეანის ზედაპირიდან 10,9 კმ სიღრმეზე ჩავიდა.

შედეგად, სალივანი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ღია კოსმოსშიც იარა და ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილშიც ჩავიდა.

დოქტორმა სალივანმა და მისიის სპონსორი კომპანიის, EYOS Expeditions-ის მკვლევარმა ვიქტორ ვესკოვომ ღრმულში დაახლოებით საათ-ნახევარი გაატარეს. ჩელენჯერის ღრმული მარიანას ღარის სამხრეთ დაბოლოებაზე მდებარეობს.

ზღვის სიღრმეების საკვლევი სპეციალური ხომალდით დანიშნულების ადგილისკენ ისინი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ჩადიოდნენ.

ზედაპირზე ამოსვლის შემდეგ, გემიდან მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, დედამიწიდან 408 კმ სიმაღლეზე მყოფ ასტრონავტებს დაურეკეს.

„ჩემთვის, როგორც ასტრონავტისა და ოკეანოგრაფისთვის, ეს დღე გასაოცარი იყო, ისეთი, ცხოვრებაში რომ ერთხელ დგება. ვიხილე ჩელენჯერის ღრმულის ლანდშაფტი, შემდეგ კი კოსმოსურ სადგურზე მყოფ კოლეგებს გავესაუბრე“, — ამბობს სალივანი.

1978 წელს, კეტრინ სალივანი ნასას პირველ ასტრონავტ ქალთა რიგებს შეუერთდა. 1984 წლის 11 ოქტომბერს ის პირველი ამერიკელი ქალი გახდა, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა შატლ „ჩელნჯერიდან“, დედამიწის ზედაპირიდან 225 კმ სიმაღლეზე.

ნასაში 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, სალივანმა იფრინა კოსმოსური შატლის სამ მისიაში, მათ შორის მისიაში, რომელმაც კოსმოსში გაიტანა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი.

2014-2017 წლებში კეტრინ სალივანი აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციას (NOAA) ხელმძღვანელობდა. ოკეანესთან მას ხანგრძლივი მიჯაჭვულობა აქვს — ასტრონავტად გახდომამდე, ის მონაწილეობდა ერთ-ერთ პირველ მისიებში, რომლებიც წყალქვეშა ხომალდებით სწავლობდნენ იმ ვულკანურ პროცესებს, რომელთა შედეგადაც ოკეანის ქერქი წარმოიქმნა.

ვუდს-ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის ბიოლოგი ტიმ შანკი დოქტორ სალივანს მსოფლიო ოკეანის კვლევის სრულყოფილ ლიდერს უწოდებს. მისი თქმით, მსოფლიოში ამჟამად ერთადერთი წყალქვეშა ხომალდი არსებობს, რომელსაც ჩელენჯერის ღრმულში ჩასვლა შეუძლია.

„ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ ის იქ იყო. კვლევის მიზნით დედამიწის ასეთი ექსტრემალური ადგილების ყოველი მონახულება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა“, — ამობს შანკი.

ჩელენჯერის ღრმული ბრიტანულმა გემმა HMS Challenger-მა აღმოაჩინა, რომელიც მსოფლიოს გარშემო 1872-1876 წლებში დაცურავდა. მას შემდეგ, ღრმულის სიღრმე მრავალმა ექსპედიციამ გაზომა, რამაც წარმოშვა უთანხმოება არა მხოლოდ ზუსტი ციფრების შესახებ, არამედ იმის გამოც, ვინ ჩავიდა პირველად დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში.

კეტრინ სალივანთან ერთად ჩელენჯერის ღრმულში ახლა ჩასული ვიქტორ ვესკოვო იქ 2019 წელსაც იყო ჩასული და მან ეს ექსპედიცია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ღრმა ყვინთვად გამოაცხადა. თუმცა, მას არ დაეთანხმა „ტიტანიკის“ რეჟისორი ჯეიმს კამერონი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩელენჯერის ღრმულს 2012 წელს ისიც სტუმრობდა.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.