„აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლები ლისაბონში მასობრივ კონფერენციას, Websummit 2017-ს ესწრებიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლები, პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ მასშტაბურ კონფერენციას Websummit 2017-ს ესწრებიან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც 6-დან 9 ნოემბრის ჩათვლით იმართება, 160-ზე მეტი ქვეყნიდან 60 000-მდე მონაწილე ესწრება, რაც მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს.
გამოფენის პირველ დღეს, 6 ნოემბერს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Websummit-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში Ecosystem Summit, რომლის პანელურ დისკუსიებზე მსჯელობა გაიმართა ბიზნესგარემოსა და ეკოსისტემასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოღვაწე კომპანიებთან. კერძოდ კი ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები თითოეულ დაინტერესებულ პირს აცნობენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და იმ მექანიზმებს, რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
„აწარმოე საქართველოში ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება.