ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე არსებული ვითარების შესახებ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე არსებული ვითარების შესახებ

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია ირანის ბირთვულ ობიექტებზე არსებული ვითარების შესახებ.

„ირანის ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრების მთავარ ობიექტზე, ფორდოს ობიექტზე კრატერები ჩანს, რაც მიუთითებს აშშ-ის მიერ მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე. ეს შეესაბამება აშშ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებებს“, – განაცხადა გროსიმ და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არავის, მათ შორის არც გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, არ შეუძლია, შეაფასოს ფორდოს მიწისქვეშა დაზიანება.

ამასთან, გროსიმ განაცხადა, რომ ისპაჰანში ღამის განმავლობაში დაზიანდა დამატებითი შენობები. მისივე თქმით, დაზიანდა გვირაბების შესასვლელები.

ნათანზზე კი, გროსის თქმით, „საწვავის ქარხანა კვლავ დაზიანდა“.

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ირანმა აცნობა, რომ სამ ობიექტზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა. ამასთან, გროსიმ აღნიშნა, რომ ორშაბათს ვენაში სააგენტოს მმართველთა საბჭოს სპეციალური სხდომა მოიწვია.