ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, კანონპროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანას.
დეპუტატის თქმით, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევა სწორედ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებზე და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტრანსპორტიდან გამომდინარე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებია.
„ტრანსპორტის სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შემუშავდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ასევე, ავტოპარკის გაახალგაზრდავების კუთხით. 2018 წლიდან ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. მიუხედავად, ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა, ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები. დღეს მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჯარიმდება 50 ლარის ოდენობით. თუმცა, კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას, აღნიშნული სამართალდარღვევის, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ეს კი საშუალებას აძლევს პოტენციურ სამართალდამრღვევს, ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ნაცვლად მხოლოდ ჯარიმის თანხის, 50 ლარის გადახდით შემოიფარგლოს. ამდენად, ტექნიკური ინსპექტირების უმნიშვნელოვანესი რეფორმის სრულყოფის, ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობისა და საბოლოოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებაში“, – აღნიშნა ბითაძე.
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს. კანონპროექტით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:
– ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით;
– იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება -300 ლარის ოდენობით.
იმავე პრინციპის შესაბამისად თუ ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს:
– ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
– იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ხოლო, 118-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
– ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,
– იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.