„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე- პრეზიდენტი - ქერჩის სრუტეში მოსკოვის ქმედებები საქართველოში რუსეთის მცოცავი ოკუპაციის მსგავსია
„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე- პრეზიდენტის, დემონ უილსონის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ქერჩის სრუტეში მომხდარი დაძაბული ინციდენტი რუსეთის იმ პროვოკაციების მსგავსია, რაც 2008 წლის ზაფხულში საქართველოსთან ომით დასრულდა.
„თვეების განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები მუშაობენ, რათა აზოვის ზღვა რუსეთის შემადგენელ ნაწილად იქცეს. ეს ხდება ორი მიზნით: უკრაინისთვის აღმოსავლეთ პორტების მოწყვეტა და ყირიმზე კონტროლის გაძლიერება“, – განაცხადა „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.
„მოსკოვის მოკლევადიანი მიზანი მცოცავი ოკუპაციის მსგავსია, რომელიც 2008 წელს საქართველოში ვიხილეთ – ცალკე აღებული თითოეული ნაბიჯი თითქოს არ გამოიყურება დრამატულად, თუმცა საერთო ჯამში რუსეთი სტრატეგიულ სარგებელს იღებს. დღეს რუსეთის მიზანია, დააშინოს უკრაინა, რათა კიევმა საერთაშორისო წყლებში შესვლის უფლების დაცვასა და საკუთარ პორტებთან წვდომის შენარჩუნების ძალისხმევაზე ხელი აიღოს“, – განაცხადა უილსონმა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა. მისივე თქმით, ვინც სამეზობლოში კრემლის პოლიტიკას იცნობს, ის აზოვის ზღვაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოში განხორციელებულ პროვოკაციებს შორის მსგავსებას იოლად შენიშნავს.
„რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებს წლების მანძილზე ახორციელებდა. მათ შორის იყო სამხედრო თვითმფრინავების საქართველოს საჰაერო სივრცეში შეჭრა, რაკეტების საქართველოს ტერიტორიაზე დაცემა და რა თქმა უნდა, სროლა შიდა სადემარკაციო ხაზის გასწვრივ. ასეთ სროლას სამხრეთ ოსეთიდან მოჰყვა რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს“, – ამბობს ჯონ ჰერბსტი.
როგორც ამერიკელი ექსპერტი მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში განხორციელებული ქმედებებს საპასუხოდ აშშ-მა უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს რადარები და სახმელეთო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, რათა კიევმა აზოვის ზღვის სანაპიროს დაცვა შეძლოს. მისივე თქმით, ასევე აუცილებელია, რომ ვაშინგტონმა რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.