„ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით, საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა
„ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით, საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა

„ატლანტიკურ საბჭოს“ ორგანიზებით ვირტუალური დისკუსია გაიმართა, რომელზეც საქართველოში შექმნილი მდგომაროება განიხილეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯორჯ კენტმა, ასევე ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა. თბილისიდან დისკუსიაში ჩაერთვნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი.

როგორც დისკუსიაზე გამოსვლისას გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, საქართველო მყარად ადგას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზას. ხელაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებას „ოპოზიციის მიერ გამოწვეული ხელოვნური კრიზისი“ უწოდა.

„2020 წლის არჩევნებზე მოქალაქეებმა პარლამენტში მათ წარმომადგენლებს მისცეს ხმა. მათ ხმა ამბოხისთვის არ მიუციათ. ბევრი მოქალაქე, პანდემიის მიუხედავად, მაინც მივიდა საარჩევნო უბნებზე და ხმა მისცა. ოპოზიციამ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი რაოდენობით მანდატი მიიღო. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია უარს ამბობს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ეს იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა. ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევას ან თაღლითობას ჰქონდა ადგილი. ისინი უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე იმის მიუხედავად, რომ „ენდიაის“ კვლევით, მოქალაქეების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ოპოზიციის მიერ პარლამენტში ადგილების დაკავებას. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოპოზიცია წავიდა საბოტაჟსა და პროვოკაციებზე“, – განაცხადა ხელაშვილმა.

შემქნილი სიტუაციიდან გამოსავალზე საუბრისას ხელაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის ვიზიტის მნიშვნელობას. ის ასევე მიესალმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ძალისხმევას, რომელიც პოლიტიკურ ძალებს შორის „არსებითი დიალოგის წარმართვას ემსახურება“.

„ახლა ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ დიალოგი, არამედ ოპოზიციის მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ“,- განაცხადა ხელაშვილმა.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოში არსებული მდგომარეობა „შემაშფოთებელ პოლიტიკურ კრიზისად“ შეაფასა. მისივე თქმით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ცოტა ხის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამასთან, სამადაშვილმა განაცხადა, რომ „კრიზისი საქართველოში ახლა არ დაწყებულა“.

„ეს კრიზისი დაიწყო 2019 წლის ივნისში, როდესაც საქართველოს მთავრობამ დაპატიჟა რუსი დეპუტატი გავრილოვი, რადგან ჩემ თანაპარტიელ ნიკა მელიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძალის გამოყენებით დააკავეს, ბრალი 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენების გამო აქვს წაყენებული. როდესაც მთავრობამ დაშალა დემონსტრაცია, ამაში დამნაშავე პირების დასჯის ნაცვლად, ბრალი წაუყენეს ნიკა მელიას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ამ მოვლენების შემდეგ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაჰპირდა, თუმცა ცოტა ხანში „უკან დაიხია“. სამადაშვილის განცხადებით, მთავრობამ არც 8 მარტის გაფორმებული შეთანხმება შეასრულა სრულად და გიორგიო რურუა კვლავ ციხეში რჩება.

„2020 წლის არჩევნებში მოქალაქეებმა ხმა მისცეს ცვლილებას, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ეს არჩევანი წაერთმია ამომრჩევლისთვის. სწორედ ამან გამოიწვია კრიზისი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამავე გამოსვლაში სამადაშვილი მიესალმა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს და განაცხადა, რომ ოპოზიცია მის მიერ ინიცირებულ დისკუსიაზე წინაპირობების გარეშე მივიდა.

„ჩვენ მოგვწონს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ექვსპუნქტიანი გეგმა. მზად ვართ, მედიაციის პროცესში მონაწილეობა გავაგრძელოთ და გადავჭრათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წინ წამოწეული ყველა საკითხი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დისკუსიაზე ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ძალადობა, რომელსაც მისი ვიზიტის შემდეგ ჰქონდა ადგილი, შეუსაბამოა საქართველოს მთავრობის მიერ გამოთქმულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმებას“. ამასთან, პავილიონისმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ევროპულ მომავალში ეჭვი არავის შეაქვს, თუმცა მას საფრთხე დაემუქრა“. ლიეტუველი დეპუტატის თქმით, ის მიესალმება საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს.

„ჩემი აზრით, შარლ მიშელმა ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წამოწია. მათ შორის იყო ამბიციური საარჩევნო რეფორმა, ასევე მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობა, ასევე პოლიტიკური მართლმსაჯულების და პატიმრების თემა, ძალაუფლების განაწილება პარლამენტში, ასევე პოტენციური ვადამდელი არჩევნები და უკვე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მომზადება“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ამასთან, პავილიონისმა მოუწოდა აშშ-ს, მხარი დაუჭიროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევას და მისი ვიზიტისას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე წარმოდგენილ პუნქტებს.

„ჩვენ ნამდვილად თუ გვსურს, რომ საქართველოში პოლიტიკური მხარეები მაგიდასთან დასხდნენ, მაშინ ვაშინგტონმა უნდა გამოიღვიძოს, ჰქონდეს მტკიცე პოზიცია და შეიძლება, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც კი გაემგზავროს ვიზიტით საქართველოში“, – განაცხადა პავილიონისმა.

ლიეტუველი დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა, „ატლანტიკური საბჭოს“ დისკუსიაში მონაწილე მკვლევარი ტერელ ჯერმინ სტარი, რომლის შეფასებითაც, საქართველოში განვითრებული მოვლენები „კარგად არ გამოიყურებოდა“ და ვაშინგტონში საქართველოს მეგობრები აკრიტიკებენ ნიკა მელიას დაპატიმრებას, თუმცა მისივე თქმით, ეს „პანიკის საფუძველს არ წარმოადგენს“.

„ფუნდამენტური პრობლემა არის, რომ ვაშინგტონმა, გრძელვადიან პერიოდში, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაო კარგად ვერ შეასრულა. ვაშინგტონის მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან დაიწყო სააკაშვილის პერიოდში. ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო პრობლემა, რომ ვაშინგტონი უფრო მეტად იყო ფოკუსირებული ერთ კონკრეტულ ლიდერში ინვესტიციების დაბანდებით და არა ზოგადად ქვეყანასა თუ რეგიონზე. ეს საუბრები ავტორიტარიზმზე ახალი არ არის ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ათწლეულებია, ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ავტორიტარიზმზე საუბრები დაიწყო სააკაშვილის მმართველობის პირველი პერიოდის დასასრულს. წლების განმავლობაში ეს ტენდენცია იცვლებოდა. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ვაშინგტონი საქართველოს ყურადღებას მხოლოდ მაშინ აქცევს, როდესაც საგანგებო სიტუაცია იქმნება. კარგი ამბავი ის არის, რომ მიუხედავად ამ კრიზისისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან საქართველოში არის ძლიერი ინსტიტუტები, არის ხალხი, ვინც აპროტესტებს. ახლა ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს გრძელვადიან პერიოდში უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, რა როლს ასრულებს ვაშინგტონისთვის საქართველო და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა სახის ინვესტიციებს დააბანდებს ვაშინგტონი საქართველოში, განსაკუთრებით, და ამას ვაშინგტონში რუსეთის პრობლემის გათვალისწინებით უნდა შეხედონ“, – განაცხადა ტერელ ჯერმინ სტარმა.

დისკუსიის დასასრულს, ლიეტუველ დეპუტატ პავილიონისს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯორჯ კენტი, რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს „ორ კვირაში ვაშინგტონიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტის გამართვა არარეალისტურია და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იპოვონ“.

„ვფიქრობ, ძალიან დიდი სივრცე არსებობს, რათა აშშ-მა და ევროკავშირმა განაგრძოს ერთად მუშაობა. ჩემი აზრით, არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ შემდეგ ორ კვირაში ვაშინგტონიდან სასწრაფო ვიზიტით ვინმე გაემგზავრება თბილისში. ჩვენ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ჩვენი და ევროკავშირის ელჩის დახმარებით, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ დიალოგს. ჩემი აზრით, ამ დიალოგის ელემენტები უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომლებზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ისაუბრა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან, ასევე იყო წარმოდგენილი ელჩების ფასილიტაციით გამართულ მოლაპარაკებებზეც, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, იმართება“, – განაცხადა კენტმა​.

ამასთან, როგორც კენტი აცხადებს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩასვლის დღიდან ძალიან აქტიურად არის ჩართული პროცესებში და ახდენს დისკუსიების ფასილიტაციას სხვადასხვა მხარეებს შორის.

„ჩვენ ძალიან აქტიური ელჩი გვყავს თბილისში, კელი დეგნანი. ის საქართველოში ჩასვლის დღიდან ჩართულია პროცესებში და ახდენს დისკუსიების ფასილიტაციას სხვადასხვა მხარეებს შორის, რასაც ის ანალოგიურად აქტიურ ევროკავშირის ელჩთან ერთად აკეთებს. მათი მუშაობის შედეგად, 2020 წლის საარჩევნო ციკლის წინ არჩვენების ჩატარების ჩარჩოზე შეთანხმება მოხერხდა. ეს დიალოგი გაგრძელდა არჩევნების შემდეგაც. ჩემი აზრით, აშშ-ის როლი არის კულისებში მუშაობა, რათა საქართველოს პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ საერთო წესებზე და წინ წაიწიონ. აშშ ამ როლის შესრულებას გააგრძელებს“,- განაცხადა ჯორჯ კენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

„ჩემი აზრით, რის დანაკლისსაც განვიცდით, ეს არის ორივე მხარის პოლიტიკურ ნება. თუ ისინი სერიოზულად ფიქრობენ საქართველოს მომავალზე, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ გაყოფილი პოლიტიკური ველის ორივე მხარეს თანხმდებიან საქართველოს სამომავლო გეზზე. ეს გამოხატულია ყველა სოციოლოგიურ კვლევაში, როგორც „ენდიაის“ ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლობის 75 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ამაში ხედავენ საქართველოს მომავალს. ჩემი აზრით, აშშ-სა და ევროპის დიალოგი იქნება ძლიერი და შეეხება სხვადასხვა საკითხებს. მათ შორის საქართვლოს, ასევე კავკასიას, ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ შექმნილ მდგომარეობას, ირანს, ბელარუსს, უკრაინას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება პარტნიორობა და ვიმუშავებთ მთელ პოლიტიკურ სპექტრთან. არ ვფიქრობ, რომ ქართველების მისაღები გადაწყვეტილება მათ ნაცვლად საქართველოს მეგობრებმა უნდა მიიღონ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს უნდა იყოს სრულად ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისში, ჩვენი მხარდაჭერითა და წაქეზებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.