ათენში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია „მაკედონია საბერძნეთია“ მიმდინარეობს
ათენში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „მაკედონია საბერძნეთია“ მიმდინარეობს, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ისინი მეზობელი ქვეყნის მიერ სახელწოდებად სიტყვა „მაკედონიის“ გამოყენებას აპროტესტებენ. დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები ქვეყნის ყველა რაიონიდან ჩავიდნენ.
პოლიციის შეფასებით, აქციაში 140 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.
ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. საპროტესტო აქცია დაგეგმილი აქვთ ანარქისტებსაც.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საბერძნეთში მაკედონიის წინააღმდეგ აქცია იმართება. 21 იანვარს თესალონიკში ანალოგიურ დემონსტრაციაში 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მაკედონიის სახელი სკოპიესა და ათენს შორის უკვე 27 წელია, დავის საგანია. ანალოგიური სახელწოდებით საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში პროვინცია მდებარეობს. საბერძნეთში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის რესპუბლიკა თავისი სახელწოდებით უძველესი მაკედონიის სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიაზე პრეტენზიას გამოთქვამს.
მრავალწლიანი უთანხმოების შემდეგ, ბოლო პერიოდში ორივე მხარემ კომპრომისზე წასვლის მზადყოფნა გამოთქვა. დავოსში, ალექსის ციპრასთან შეხვედრის შემდეგ, მაკედონიის პრემიერმა განაცხადა, რომ სკოპიეში ალექსანდრე დიდის აეროპორტსა და იმავე სახელწოდების ცენტრალურ მაგისტრალს სახელებს შეუცვლის.
საბერძნეთის ლიდერი თანახმაა, მეზობელი ქვეყნის მომავალი სახელწოდება სიტყვა „მაკედონიას“ შეიცავდეს, მაგალითად – ჩრდილოეთ მაკედონია ან ახალი მაკედონია. თუმცა საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რომ მეზობელმა სახელმწიფომ სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონია“ გამოიყენოს.
მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.