ათენის კინოთეატრ Alkyonis Art Cinema-ში ქართული ფილმის „დედეს“ პრემიერა გაიმართება
ათენის კინოთეატრ Alkyonis Art Cinema-ში მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედეს“ პრემიერა 17 დეკემბერს გაიმართება. რეჟისორმა მიწვევა ერთ-ერთ ბერძნულ კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ მიიღო. ფილმის შესახებ უკვე დაწერა რამდენიმე ბერძნულმა გამოცემამ და იგი საუკეთესო ნამუშევრად შეაფასა. ფილმი კინოგაქირავებაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.
„დედეს“ ჩვენება ასევე საფრანგეთში, იუნესკო-ს სათაო ოფისშიც გაიმართა. სწორედ იუნესკო-ს სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ფილმი შორეულ ავსტრალიაში, ე.წ. აზიის ოსკარის საერთაშორისო ფესტივალზე.
ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს“ გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.
კინოპროექტი „დედე“ ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-სა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.
ფილმს პირველი წარმატება საპილოტე ვერსიამ „დინოლა“ მოუტანა, რომელიც 18 საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზების მფლობელი გახდა.