ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა იპოვეს დიდი ოდენობით ორმაგი სუპერმასიური შავი ხვრელების არსებობის მტკიცებულება. სავარაუდოდ, ისინი გიგანტური შავი ხვრელების ერთმანეთთან შერწყმის შედეგად უნდა იყოს წარმოქმნილი. ეს კი ადასტურებს კოსმოლოგიური ევოლუციის ამჟამინდელ გაგებას, რომლის მიხედვითაც, გალაქტიკები და მათი შავი ხვრელები დროთა განმავლობაში ერთმანეთს ერწყმის და წარმოქმნიან უფრო და უფრო დიდ გალაქტიკებსა და შავ ხვრელებს.
სუპერმასიური შავი ხვრელი თითქმის ყველა მოზრდილი გალაქტიკის ცენტრშია გაწოლილი და მათი მასა რამდენიმე მილიონ ან მილიარდ მზის მასას შეადგენს.
ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის ასტრონომებმა, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფთან ერთად, მძლავრ ნაკადთა წყაროების რადიო-რუკები შეისწავლეს. მათ იპოვეს ნიშნები, რომლებიც როგორც წესი, მაშინ არის წარმოდგენილი, როცა აკვირდებიან ერთმანეთის გარშემო ძალიან ახლო მანძილიდან მოძრავ ორ შავ ხვრელს.
შერწყმამდე, შავი ხვრელები ორმაგ (ბინარულ) შავ ხვრელს წარმოქმნიან, რომელშიც ორი შავი ხვრელი ერთმანეთის გარშემო მოძრაობს. 2015 წელს, გრავიტაციული ტალღების დეტექტორებმა ორი პატარა შავი ხვრელის შერწყმა დააფიქსირა. კონკრეტულად, მათ დააფიქსირეს გრავიტაციულ ტალღათა ძლიერი ჭავლები, რომლებიც ბინარული შავი ხვრელის შერწყმისას გამოიყოფა. თუმცა, ამჟამინდელი ტექნოლოგიებით შეუძლებელია ორმაგი სუპერმასიური შავი ხვრელების აღმოჩენა.
სუპერმასიური შავი ხვრელები უმძლავრეს ჭავლებს გამოყოფენ. ორმაგი სუპერმასიური შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრიდან ამ ჭავლებს გამოყოფს პერიოდულად ცვალებადი მიმართულებით.
ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ამ ჭავლების გამოყოფის მიმართულებები და ამ მიმართულებათა ცვლილებები შეისწავლეს. ამის შემდეგ, ჭავლების მიმართულება რადიოს წილებს შეადარეს, რათა ეჩვენებინათ, რომ ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია ორმაგი სუპერმასიური შავი ხვრელის დაფიქსირება.
კვლევის ავტორის, დოქტორ მარტინ კრაუსის განცხადებით, ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ ჭავლებს სხვადასხვა გარემოში, კომპიუტერული სიმულაციების დახმარებით. სისტემატიურად ადარებდნენ მაღალი რეზოლუციის რადიო-რუკებსა და ყველაზე მძლავრ რადიო-წყაროებს. მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, რადიო-წყაროების სამი-მეოთხედის შემთხვევაში მათ ჭავლების მიმართულების ცვალებადობის (პრეცესია) ხელწერა დააფიქსირეს.
ამ ფაქტს რომ ყველაზე მძლავრი ჭავლები დაკავშირებულია ორმაგ შავ ხვრელებთან, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს გალაქტიკაში ვარსკვლავების წარმოქმნაზე. ცნობილია, რომ ვარსკვლავები იბადებიან ცივი გაზისგან; ჭავლები ამ გაზს აცხელებს და შესაბამისად, ხელს უშლის ვარსკვლავების წარმოქმნას.
ჭავლები, რომლებიც მუდმივად ერთ მხარესაა მიმართული, მხოლოდ მათ სიახლოვეს არსებულ შეზღუდული ოდენობის გაზს აცხელებენ. მაგრამ ორმაგ შავ ხვრელთა ჭავლები მიმართულებას გამუდმებით იცვლიან.
გამომდინარე აქედან, მათ უფრო მეტი გაზის გაცხელება შეუძლიათ, რაც უფრო ეფექტიანად უშლის ხელს ვარსკვლავთწარმოქმნას. შესაბამისად, ასეთ გალაქტიკებში ვარსკვლავთა ოდენობა ყოველთვის შეზღუდული უნდა იყოს.
მომზადებულია ras.ac.uk-ის მიხედვით.