ასტრონომებმა შავი ხვრელის მიერ დაფლეთილი ვარსკვლავი გადაიღეს - პირველად ისტორიაში
როდესაც შავი ხვრელი ვარსკვლავს ფლეთს, მის მთლიან მატერიას როდი ჭამს. მატერიის გარკვეული ნაწილი კოსმოსში თვალწარმტაცი ნაკადების სახით გაიტყორცნება. პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა ერთ-ერთ ასეთ ნაკადს პირდაპირი სურათი გადაუღეს.
ეს მოვლენა დედამიწიდან 150 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფ ორ შავ ხვრელში მოხდა. ობიექტის სახელია Arp 299. ორივე გალაქტიკას ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელი აქვს.
რადიო და ინფრაწითელი ტელესკოპების გამოყენებით, ასტრონომები აკვირდებოდნენ მზეზე ორჯერ მეტი მასის მქონე ვარსკვლავს, რომელიც ერთ-ერთ სუპერმასიურ შავ ხვრელთან უკიდურესად ახლოს მივიდა. ამ შავი ხვრელის მასა მზისას 20 მილიონჯერ აღემატება.
საბრალო ვარსკვლავს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა. შავი ხვრელის გრავიტაციულმა ძალამ ის ნაფლეთებად აქცია; ამ ექსტრაორდინარულ პროცესს გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენას უწოდებენ. მსგავსი მოვლენა იშვიათად ხდება, მაგრამ კონკრეტულად ასეთი, მეცნიერებს აქამდე არასოდეს უნახავთ.
„ამ დრომდე, პირდაპირ არასოდეს დავკვირვებივართ ასეთი მოვლენის თანხმლები ნაკადის (ჯეტი) წარმოქმნასა და ევოლუციას“, — ამბობს ანდალუსიის ასტროფიზიკური ინსტიტუტის ასტრონომი მიგელ პერეს-ტორესი.
შავ ხვრელთა უმეტესობა უმოქმედოა, გამოკიდებულია კოსმოსში და არაფერს აკეთებს. იმისათვის, რათა აქტიური გახდეს, მის გრავიტაციულ ველში რაიმე უნდა შევიდეს.
როცა ეს მოხდება, იწყება თვალწარმტაცი სანახაობა. შავი ხვრელი ვარსკვლავის შეწოვას იწყებს და საკუთარი ეკვატორის გარშემო წარმოქმნის აკრეციის დისკოს. ვარსკვლავის მატერია შავ ხვრელში ჩაედინება; ამ დროსა მოქმედი ძლიერი გრავიტაციისა და ხახუნის ძალები მას აცხელებს და წარმოქმნის ნათებას.
მაგრამ მოვლენათა ჰორიზონტს მთელი მატერია როდი გადაკვეთს. აკრეციის დისკოს შიდა ნაწილის ზოგიერთი დინება, მაგნიტური ველის ხაზების გავლით, მიემართება შავი ხვრელის პოლუსებისკენ. უკვე აქედან, რადიაცია და ნაწილაკები კოსმოსში თითქმის სინათლის სიჩქარით გაიტყორცნება და წარმოიქმნება განსაკუთრებული ნაკადები.
ამ კონკრეტულ მოვლენას Arp 299-B AT1 უწოდეს და მასზე დაკვირვება სინამდვილეში 2005 წელს დაიწყო. 30 იანვარს, კანარის კუნძულებზე განთავსებულმა უილიამ ჰერშელის ტელესკოპმა Arp 299-ის ერთ-ერთი გალაქტიკის გულიდან ინფრაწითელი გამოსხივების ამოფრქვევა დააფიქსირა.
17 ივლისს, კიდევ ერთი ამოფრქვევა დააფიქსირა აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ტელესკოპმა Very Long Baseline Array.
საინტერესო ის არის, რომ მას ვერ ხედავდა ხილული სინათლის დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპები, რაც იმას ნიშნავდა, რომ Arp 299 გადავსებულია სქელი მტვრით, რომელიც ხილულ სინათლეს ბლოკავს.
„რაც დრო გადიოდა, ობიექტი კაშკაშა რჩებოდა ინფრაწითელ და რადიო ტალღის სიგრძეებში, მაგრამ სრულიად არ ჩანდა ხილულ სინათლესა და რენტგენულ დიაპაზონში“, — ამბობს ფინეთის ტურკუს უნივერსიტეტის ასტრონომი სეპო მატილა.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ხილულ სინათლესა და რენტგენულ გამოსხივებას შთანთქავს გალაქტიკის ცენტრის სიახლოვეს გაწოლილი ვარსკვლავთშორისი გაზი და მტვერი, შემდეგ კი ხელახლა ასხივებს ინფრაწითელში.
თითქმის ათი წლის განმავლობაში, ასტრონომები ობიექტს როგორც რადიო, ისე ინფრაწითელი ტელესკოპებით აკვირდებოდნენ. შედეგად მათ შენიშნეს სწრაფად მოძრავი გამოსხივება, რომელიც გარეთ, ერთი მიმართულებით მიდიოდა. ეს კი მხოლოდ რელატივისტური ნაკადი შეიძლება ყოფილიყო.
მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენები იმაზე ხშირად უნდა ხდებოდეს, ვიდრე ამჟამად წარმოგვიდგენია. უმეტესი გალაქტიკის ცენტრში გაწოლილია სუპერმასიური შავი ხვრელი. გაცილებით მეტი მათგანი კი შესაძლოა, მტვრით იყოს დაბინდული, Arp 299-ის მსგავსაც. შორს რომ არ წავიდეთ, მტვერი ბლოკავს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში გაწოლილი სუპერმასიური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-ს გამოსხივებასაც.
Arp 299-B AT1 მკვლევრებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ, როგორ წარმოიქმნება რელატივისტური ნაკადები; ასევე, როგორ იზრდებიან სუპერმასიური შავი ხვრელები უზარმაზარ ზომებამდე.
„იმის გამო, რომ მტვერი მთლიანად შთანთქავს ხილულ სინათლეს, გრავიტაციული დაფლეთვის ეს განსაკუთრებული მოვლენა შესაძლოა, მხოლოდ აისბერგის წვერი იყოს და მის მიღმა გაცილებით მეტი საიდუმლო იმალებოდეს. ამ ყველაფერს კი ფარდას ავხდით ასეთ მოვლენებზე რადიო და ინფრაწითელი ტელესკოპებით დაკვირვებით.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია public.nrao.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით