ასტრონომებმა დედამიწისკენ უკონტროლოდ მომავალ ჩინურ რაკეტას ფოტო გადაუღეს — #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა ფოტო გადაუღეს ჩინურ რაკეტა Long March 5B-ს, რომელიც დედამიწისკენ უკონტროლოდ მოემართება და ამ შაბათ-კვირას ატმოსფეროში შემოვა.
ერთწამიანი ექსპოზიცია 6 მაისს არის გადაღებული.
„გადაღების დროს, რაკეტა ჩვენი ტელესკოპისგან 700 კმ მანძილზე იმყოფებოდა; მზე ჰორიზონტს ოდნავ დაბლა იყო და შესაბამისად, ცა წარმოუდგენლად კაშკაშებდა. ასეთმა გარემომ გადაღება გაართულა, მაგრამ ჩვენმა რობოტულმა ტელესკოპმა ეს უზარმაზარი ნარჩენი წარმატებით გადაიღო“, — ამბობს Virtual Telescope Project-ის ასტრონომი ჯანლუკა მასი.
30-მეტრიანი რაკეტა ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა. რაკეტის ბირთვი ამჟამად უკონტროლოდ მოძრაობს და დედამიწის ატმოსფეროში სავარაუდოდ 8 მაისს შემოვა.
ატმოსფეროში შემოსვლის ზუსტი დრო და შესაძლო ჩამოვარდნის ადგილი უცნობია, რადგან ის სრულიად უკონტროლოდ მოძრაობს. რაკეტის ბირთვი ამჟამად დედამიწის ორბიტაზეა და ჩვენს პლანეტას გარს უვლის ყოველ 90 წუთში ერთხელ, წამში 7 კილომეტრის სიჩქარით.
ასტრონომთა ვარაუდით, რაკეტის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება ატმოსფეროში შემოსვლას გადაურჩეს და ჩამოცვივდეს; დიდი ალბათობით, ეს ოკეანეში მოხდება.
რაკეტა 11 დაგეგმილი მისიის ფარგლებში გაუშვეს, რაც ჩინეთის კოსმოსური სადგურის მშენებლობისათვის არის საჭირო; სადგური 2022 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად. T-ს ფორმის კოსმოსური სადგური დაახლოებით 60-ტონიანი იქნება, მნიშვნელოვნად პატარა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომლის პირველი მოდულიც 1998 წელს გაუშვეს და ამჟამად 408 ტონას იწონის.
ჩინეთის კოსმოსურ სადგურს ექნება შეპირაპირების პორტი და ასევე შეეძლება ჩინურ თანამგზავრებთან შეერთება. თეორიულად შესაძლებელია ექვს მოდულამდე გაზრდა.
მომზადებულია gizmodo.com-ის მიხედვით.