ასტრონომებმა დაადგინეს, რა ფორმა აქვს შავი ხვრელის გვირგვინს — #1tvმეცნიერება
თუკი ოდესმე მზის სრული დაბნელებისთვის გიყურებიათ, ალბათ გემახსოვრებათ სინათლის კაშკაშა რკალი (ჰალო).
მას გვირგვინს (კორონა) უწოდებენ და წარმოადგენს მზის გარე, დიფუზიურ ატმოსფეროს. მისი ტემპერატურა მილიონობით გრადუსს აღწევს და სწორედ ამიტომ ჩანს სრული დაბნელებისას.
შავ ხვრელთა დინამიკის ჩვენეული გაგების თანახმად, გვირგვინი მათაც უნდა ჰქონდეთ. მზის გვირგვინის მსგავსად, მასზე დაკვირვებაც ურთულესია. თუმცა, ამ მოუხელთებელ რეგიონზე დაკვირვება მეცნიერებმა მაინც შეძლეს.
მიჩნეულია, რომ აქტიურ შავ ხვრელს დონატის ფორმის გაზისა და მტვრის ტორუსი აქვს, რომელიც შავ ხვრელს აკრავს გარშემო; სწორედ მასში მდებარეობს გაცხელებული მატერიის აკრეციული დისკო, შავი ხვრელის ბრუნვის სიბრტყის გასწვრივ.
შავი ხვრელის პოლარული რეგიონებიდან იონიზებული გაზის ჭავლები (ჯეტები) თითქმის სინათლის სიჩქარით ამოდის.
ეს მოდელი უნდა ხსნიდეს აქტიურ გალაქტიკურ ბირთვთა (AGN) სხვადასხვა ტიპებს, რომლებსაც ვხედავთ, ვინაიდან შავი ხვრელის ორიენტაცია ჩვენთან მიმართებაში, აქტიური გალაქტიკური ბირთვის შესახედაობას ცვლის.
ამ მოდელის თანახმად, აკრეციული დისკოს ყველაზე შიდა რეგიონი უნდა წარმოადგენდეს სუპერცხელ რეგიონს თითქმის ვაკუუმის სიმკვრივით, რომელიც შავ ხვრელში ჩაედინება.
ეს გახლავთ მზის მსგავსი გვირგვინი, მაგრამ მილიონობით გრადუსის ნაცვლად, მისი ტემპერატურა მილიარდობით გრადუსს აღწევს. იმის გამო, რომ ზედმეტად დიფუზიურია, მის სინათლეს აკრეციული დისკოს სინათლე ფარავს.
ახალ კვლევაში, მეცნიერთა ჯგუფმა ისეთივე ხრიკი გამოიყენა, როგორსაც სრული დაბნელებისას მზის გვირგვინზე დაკვირვებისას იყენებენ.
შავი ხვრელის ორიენტაცია ჩვენთან მიმართებაში ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი შავი ხვრელის შემთხვევაში, გაზისა და მტვრის ტორუსი ჩვენთვის ბლოკავს აკრეციული დისკოს რეგიონის ხედს, ზოგიერთ შავ ხვრელში კი ამ დისკოს პირდაპირ დანახვა შეგვიძლია.
ამის მიხედვით უწოდებენ შავ ხვრელებს დაბინდულებს და დაუბინდავებს. დაბინდული შავი ხვრელები დაბნელებულ მზეს ჰგვანან, რადგან ჩვენი გადმოსახედიდან დაბლოკილია აკრეციული დისკოს სინათლე.
სამწუხაროდ, ასეა შავი ხვრელის გვირგვინის შემთხვევაშიც. თუმცა, გვირგვინი იმდენად ცხელია, რომ გამოყოფს უკიდურესად მაღალენერგიულ რენტგენულ სხივებს. ეს სხივები ტორუსში მატერიას ფანტავს და ჩვენკენ ირეკლავს.
NASA-ს ხელსაწყო IPXE-ის გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა რამდენიმე დაბინდული შავი ხვრელის მონაცემები შეაგროვა, მათ შორის იყო ირმის ნახტომში მდებარე შავი ხვრელები — გედის X-1 და X-3 და მაგელანის დიდ ღრუბელში მდებარე LMG X-1 და X-3.
ისინი არა მხოლოდ დააკვირდნენ ამ შავ ხვრელთა გვირგვინებიდან გამოფანტულ რენტგენულ სხივებს, არამედ მათი საერთო მანერაც დააფიქსირეს.
მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გვირგვინი შავ ხვრელს გარს აკრავს აკრეციული დისკოს მსგავსი ფორმით და არა მზის გვირგვინის მსგავსი სფეროს სახით.
ამ სახის კვლევები ასტრონომებს შავ ხვრელთა მოდელების დახვეწაში ეხმარება. ასევე დაგვეხმარება, რომ უკეთესად გავიგოთ, როგორ შთანთქავენ შავი ხვრელები მატერიას და ზუსტად რა ხდება შორეულ გალაქტიკათა აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებში.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.