ასტრონომები დააკვირდნენ, როგორ გამოიღვიძა მიძინებულმა გიგანტურმა შავმა ხვრელმა და მატერიის შთანთქმა დაიწყო — #1tvმეცნიერება
2019 წლის დეკემბერში, ასტრონომების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დაინახეს, უეცრად როგორ აენთო ჩვენგან 300 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე შედარებით მშვიდი გალაქტიკა საახალწლო ნაძვის ხესავით.
გალაქტიკის ასე უეცრად აკაშკაშება შეიძლება აიხსნას მის ცენტრში მდებარე გიგანტური შავი ხვრელით, რომელმაც მის გარშემო არსებული მატერიის შთანთქმა დაიწყო. შორეული გალაქტიკის აკაშკაშება სხვა მოვლენებსაც შეუძლია, მაგალითად, ვარსკვლავის აფეთქებას, მაგრამ როგორც წესი, ამ დროს ელვარება თანდათან იკლებს და ბოლოს ქრება.
SDSS1335+0728, როგორც ამ გალაქტიკას უწოდებენ, ჩვეულებრივი გალაქტიკა ნამდვილად არაა. უფრო მეტიც, დღემდე იზრდება მისი სიკაშკაშე ოპტიკურ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეებში. 2024 წლის თებერვალში მან რენტგენული სხივების გამოყოფაც კი დაიწყო.
„ამ ფენომენის ყველაზე ლოგიკური ახსნა არის ის, რომ ვხედავთ შავი ხვრელის ბირთვის აქტივობას. თუ მართლაც ასეა, პირველი შემთხვევაა, როცა მასიური შავი ხვრელის აქტიურობას რეალურ დროში ვუყურებთ“, — ამბობს ჩილეს ვალპარაისოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ლორენა ერნანდესი.
შავ ხვრელებს მხოლოდ მათ გრავიტაციული მისაწვდომებში არსებული მატერიის დაჭერა შეუძლიათ. თუ ახლომახლოს არაფერია, ისინი შედარებით მშვიდები არიან. მაგალითად, ირმის ნახტომის ცენტრში არსებულ სუპერამასიურ შავ ხვრელს აქტიურის კლასიფიკაცია არ აქვს, რადგან ის მინიმალურად იკვებება მატერიით.
თუმცა, აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელი მის გარშემო სივრცის აკაშკაშებას იწვევს. რა თქმა უნდა, თავად შავი ხვრელი არ ელვარებს; თუ მის გარშემო საკმარისი მატერიაა, რათა მან გადასანსლოს, საქმეში ერთვება სხვადასხვა ძალა, მაგალითად, ხახუნი და გრავიტაცია, რაც მატერიის უკიდურესად გაცხელებას იწვევს და შედეგად, შავ ხვრელში ჩამდინარე ეს მატერია წარმოუდგენლად კაშკაშებს.
ამ დროისათვის კოსმოსში უკვე აღმოჩენილია სხვადასხვა დონის აქტივობის ცენტრალური შავი ხვრელის მქონე ბევრი გალაქტიკა, რის საფუძველზეც შექმნილია მოდელები, რომლებიც მიუთითებს, რომ დიდი ოდენობით მატერიის შთანთქმა ერთ-ერთი მექანიზმია სუპერმასიურ შავ ხვრელთა ასეთ კოლოსალურ ზომებამდე გასაზრდელად.
მტკიცებულებები ასევე მიუთითებს, რომ სუპერმასიურმა შავმა ხვრელებმა შეიძლება აქტივობის დონე შეიცვალონ. მაგალითად, ირმის ნახტომს გალაქტიკური სიბრტყის ზემოთ და ქვემოთ გიგანტური ბუშტები აქვს, რაც მისი ცენტრალური შავი ხვრელის წარსული აქტივობის შედეგია. ასეთი მახასიათებლები სხვა გალაქტიკებსაც აქვთ.
თუმცა, მშვიდი მდგომარეობიდან აქტიურ ფაზაში გადასვლის ნახვა ფრიად განსაკუთრებული მოვლენაა.
უცბად აკაშკაშებული შავი ხვრელები წარსულშიც არის აღმოჩენილი; ამას გრავიტაციული (მოქცევითი) დაფლეთვის მოვლენას უწოდებენ — ამ დროს, მიმავალი ვარსკვლავი ან მატერიის რაიმე გროვა სივრცეში დამალულ შავ ხვრელს გადაეყრება, რომელიც მის დაფლეთვას და შთანთქმას იწყებს.
გალაქტიკა SDSS1335+0728-ის სინათლისა და მისი 1,5 მილიონი მზის მასის შავი ხვრელის სრულყოფილმა ანალიზებმა ცხადყო, რომ დიდი ალბათობით, უეცარი აკაშკაშების მიზეზი მოქცევითი დაფლეთვის მოვლენა არ უნდა იყოს; როგორც წესი, ასეთი მოვლენები ხანმოკლეა.
SDSS1335+0728-ის შემთხვევაში, ჩვენ დავაკვირდით მასიური შავი ხვრელის უეცარ გამოღვიძებას, რომელმაც თავის სიახლოვეში არსებული მატერიის შთანთქმა დაიწყო და ძლიერ აკაშკაშდა“, — ამბობს ჩილეს დიეგო პორტალესის უნივერსიტეტის ასტრონომი კლაუდიო რიკი.
ბოლო დროს ასტრონომებმა სუპერმასიური შავი ხვრელის აქტიურ ფაზაში გადასვლის სავარაუდო სხვა მაგალითებიც დააფიქსირეს, მაგრამ ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ SDSS1335+0728 შეიძლება ასეთ მოვლენათა ერთგვარ მოდელად იქცეს. გამომდინარე იქიდან, რომ დაზუსტებით არ ვიცით, რა იწვევს სუპერმასიურ შავ ხვრელთა უეცარ გამოღვიძებას, ამ გალაქტიკის შესწავლა ასტრონომებს მოდელების შექმნაში დაეხმარება.
ეს კი თავის მხრივ გაგვაგებინებს ამ მოვლენათა განვითარების ალბათობას სამყაროს მასშტაბით, მათ შორის, ჩვენს გალაქტიკაშიც.
კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.