ასთმის სამკურნალო ახალმა საშუალებამ თაგვებზე ჩატარებული ადრეული ცდები წარმატებით გაიარა — #1tvმეცნიერება
ითვლება, რომ ასთმა მთელ მსოფლიოში 250 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს და ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის სიკვდილს იწვევს. ამ დაავადების განკურნების მიმართულებით წარმოებული კვლევები ბევრის ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის.
მეცნიერები უკვე ახლოს არიან ასთმის პოტენციური, გრძელვადიანი სამკურნალო საშუალების საწყისებთან. მნიშვნელოვანია, რომ მან არა მხოლოდ ამ დაავადების სიმპტომები განკურნა, არამედ მიზანში ამოიღო ამ სიმპტომების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც.
მოქმედების პრინციპი შემდეგია: მოძრაობას უბლოკავს ღეროვანი უჯრედის ტიპს, რომელსაც პერიციტს უწოდებენ. ეს უჯრედები ყველაზე ხშირად სისხლძარღვების გარსში გვხვდება და ალერგიული და ანთებითი რეაქციების დროს ასქელებენ ასთმის მქონე ადამიანთა სასუნთქ გზებს, რაც სუნთქვას ძლიერ ართულებს.
„სასუნთქ გზებში ცვლილებათა პირდაპირ მიზანში ამოღებით, ვიმედოვნებთ, რომ ეს მიდგომა საბოლოოდ უფრო მუდმივ და ეფექტიან სამკურნალო საშუალებას შემოგვთავაზებს, ვიდრე ამჟამად არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მწვავე ასთმებისთვის, რომლებიც სტეროიდებზე არ რეაგირებენ“, — ამბობს ბრიტანეთის ასტონის უნივერსიტეტის ბიოლოგი და ფარმაკოლოგი ჯილ ჯონსონი.
ასთმის მქონე ადამიანებში სასუნთქი გზები შეკუმშულია, რაც იწვევს სუნთქვის უკმარისობას და ხიხინს. დახმარება შეუძლია სტეროიდებს, რომლებიც სასუნთქ გზებს ადუნებს და ამცირებს ანთებას, მაგრამ ისინი არ წარმოადგენს გრძელვადიან ან მუდმივ გამოსავალს.
თუკი პერიციტებს შევაჩერებთ და სასუნთქი გზების კედლებში მისვლის საშუალებას არ მივცემთ, სადაც ისინი კუნთოვან უჯრედებად და სხვა ისეთ უჯრედებად გარდაიქმნებიან, რომლებიც სასუნთქ გზებს უფრო სქელსა და უხეშს ხდის — გავლენას მოვახდენთ სუნთქვის გაძნელების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზზე.
პერიციტებზე მისაწვდომად, მკვლევრებმა მიზანში ამოიღეს ცილა, სახელად CXCL12. ასთმით დაავადებულ თაგვებზე ცდისას, ამ ცილის სიგნალის ბლოკირებამ სიმპტომები სულ რაღაც ერთ კვირაში შეამცირა და ორ კვირაში სრულიად მოსპო ასთმის სიმპტომები.
„შევძელით სასუნთქი გზების მიკროვასკულატურიდან (სისხლძარღვთა მიკროსისტემა) პერიციტების გამოთიშვა, რამაც შეამცირა სასუნთქი გზების გლუვი კუნთების აკუმულირება და გააუმჯობესა სიმპტომური მაჩვენებლები“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკონტროლო თაგვებთან შედარებით, თაგვებს, რომლებმაც პრეპარატი მიიღეს, სასუნთქი გზების კედლები გაუთხელდათ. ეს კი ეფექტიანი მკურნალობის იმედისმომცემი ნიშანია, რაც მკვლევრებმა ლაბორატორიაში ადამიანის ქსოვილის უჯრედებზეც გატესტეს.
თუმცა, ეს ერთადერთი შვება არ არის, რომელიც შეიძლება მალე მოევლინოს ასთმის მქონე ადამიანებს. შარშან შევიტყვეთ ასთმის ეფექტიანი ვაქცინის შესახებ, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს. რამდენიმე თვის შემდეგ, მეცნიერებმა ასევე აჩვენეს, როგორ შეიძლება ასთმის მკურნალობაში გამოვიყენოთ ახალი კლასის იმუნოთერაპიული პრეპარატებიც.
ალბათ ჯერ კიდევ დიდი გზა დარჩა, ვიდრე ეს პრეპარატები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოჩნდება. დასაწყისისთვის საჭიროა, პრეპარატი შეიქმნას და ადამიანებზე ცდისთვის უსაფრთხო იყოს.
„ჩვენი კვლევა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და საჭიროა დამატებითი კვლევები, ვიდრე მის ტესტირებას ადამიანებზე დავიწყებთ“, – ამბობს ჯონსონი.
კვლევა Respiratory Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.