ასტეროიდიდან ჩამოტანილი ნიმუშები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე NASA ელოდებოდა — #1tvმეცნიერება
ასტეროიდიდან ჩამოტანილი ნიმუშები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე NASA ელოდებოდა — #1tvმეცნიერება

NASA სულაც არ ჩქარობს, რომ საზოგადოებას ასტეროიდ ბენუდან ჩამოტანილი ნიმუშები აჩვენოს, მაგრამ ის მწირი ინფორმაცია, რასაც ამჟამად გვიმხელს, მიუთითებს, რომ საოცარი ამბების მომსწრე გავხდებით.

NASA-ს ბლოგპოსტის მიხედვით, ნიმუშების პირველადი დამუშავება მოსალოდნელზე უფრო ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ამას კარგი მიზეზი აქვს: კონტეინერში და მის გარეთ ბენუს იმდენი მტვერია, რომ მისი დაშლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

„პრობლემა ის არის, რომ შიგნით ძალიან ბევრი მასალაა და ამას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გვეგონა. კონტეინერის გარეთაც საკმაოდ ბევრი მასალაა, რაც საინტერესოა. საოცარია, როგორ მოხვდა ის იქ“, — ამბობს OSIRIS-REx-ის მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კრისტოფერ სნიდი.

მონაცემების შეგროვების ინსტრუმენტს TAGSAM ერქვა და წარმოადგენდა ხომალდ OSIRIS REx-ის რობოტულ მკლავს, რომლითაც მან ასტეროიდ ბენუს ზედაპირიდან ნიმუშები აიღო. 7-წლიანი მისიის შემდეგ, ხომალდმა ნიმუშები დედამიწაზე სექტემბრის ბოლოს ჩამოიტანა.

TAGSAM-ის თავი ნიმუშების კონტეინერშია ჩაჭედილი, რომელიც უკვე სხვა ასტეროიდისკენ მიმავალმა OSIRIS-REx-მა დედამიწაზე ჩამოაგდო.

ნიმუშთა უმეტესობა TAGSAM-ის თავშია მოქცეული და ის ჯერ ისევ დალუქულია. ეს თავი კონტეინერში სამი წლის წინ დაილუქა, ნიმუშების აღების შემდეგ. მეცნიერები ხედავდნენ, რომ მისგან მტვრის ნაწილაკები ჟონავდა. ამიტომაც ელოდებოდნენ, რომ კოლოფში გარკვეული მტვერი იქნებოდა.

თუმცა, მკვლევრები ამდენ მტვერსაც არ ელოდნენ. პირველადმა ანალიზებმა უნდა ცხადყოს, რისგან შედგება ასტეროიდი ბენუ. ანალიზებს შორის იქნება ელექტრონული მიკროსკოპია და რენტგენული დიფრაქცია. შედეგებსა და ნიმუშების ფოტოებს NASA 11 ოქტომბერს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოგვიდგენს.

 

თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ანალიზები დეტალური არ იქნება, ამას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, მაგრამ აუცილებლად გვეტყვის რაღაც საბაზისოს პატარა, ნახშირბადით მდიდარი ასტეროიდის შესახებ, რაც თავის მხრივ, ძალიან ბევრ ცნობას მოგვცემს მზის სისტემის დაბადების შესახებ.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.