„ასოშიეითედ პრესი“ - „თალიბანი“ ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესს აღადგენს
„თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მოძრაობა „თალიბანი“ ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესს აღადგენს. ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესს“ მულა ნურადინ ტურაბიმ განუცხადა. თუმცა, მისივე თქმით, ეს სასჯელი საჯაროდ აღარ აღსრულდება.
„ყველა გვაკრიტიკებდა, როდესაც სტადიონებზე ვსჯიდით ადამიანებს, მაგრამ ჩვენ მათ კანონებსა და სასჯელზე არასდროს არაფერი გვითქვამს. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს კანონი. ჩვენ მივყვებით ისლამს და კანონი დაეფუძნება ყურანს“, – განაცხადა ტურაბიმ, რომელიც 1990-იან წლებში თალიბანის მმართველობის დროს მართლმსაჯულების სამინისტროს და ე.წ. რელიგიურ პოლიციას ხელმძღვანელობდა.
„ხელის მოკვეთა აუცილებელია უსაფრთხოებისთვის. ეს სხვა ადამიანებს აკავებს ქურდობისგან“, – განაცხადა „თალიბანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.