სოფიო ქაცარავა - ასოცირების ახალი დღის წესრიგი გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს, საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ ოჯახში
ასოცირების ახალი დღის წესრიგი გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს, საქართველო დავაბრუნოთ თავის ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში საქართველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესი განსაკუთრებით აქტიური და შედეგიანი აღმოჩნდა.
„ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება პოზიტიურად აისახა საქართველოზე.
2014 წლიდან ჩვენ წარმატებით ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, რომელიც ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ასეთი თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკით, საქართველო გახდა ლიდერი ქვეყანა რეგიონში, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.
ასევე, მივესალმები ორი დღის წინ მიღებულ ასოცირების ახალ დღის წესრიგს, რომელიც სრულად ასახავს ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებს და გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს, რომ საქართველო დავაბრუნოთ თავის ევროპულ ოჯახში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის წინა პერიოდში საქართველომ მიიღო მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპელი პარტნიორებისგან. ამ კუთხით, გამოვყოფდი ევროკომისიის ანგარიშსა და ბალტიის ასამბლეისა და ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც დადებითად აისახა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და დაფიქსირდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მკაფიო მხარდაჭერა.
გვაქვს მოლოდინი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ხვალინდელ სამიტზე, საქართველო მიიღებს ახალ შესაძლებლობებს და ინტეგრაციის ახალ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ერთი მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, ინსტიტუტებს, საზოგადოებას და კავშირებს, ხოლო მეორე მხრივ, ეს პროცესი მეტად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და მათ კეთილდღეობაზე“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში დღეს, თბილისის დროით 11:30 საათზე გაიხსნება. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები დაესწრებიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.