ასლან ბჟანია - საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს, მნიშვნელოვანი რაოდენობის სახელმწიფოები ამის მიმართ სოლიდარული არიან, ამიტომ სამხედრო უსაფრთხოება წინა პლანზე დგება
რუსეთთან თავდაცვითი უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა წინა პლანზე დგება, ამ მშვიდობისთვის უნდა გადავიხადოთ, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო ნაწილებში სტუმრობისას ნათელი გახდა, რომ წინ ბევრი სამუშაოა და რუსეთთან კავშირი უნდა გაძლიერდეს.
„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ არ გვაქვს სამშვიდობო ხელშეკრულება საქართველოსთან და იგი კვლავ მიიჩნევს აფხაზეთს თავის ტერიტორიად და მნიშვნელოვანი რაოდენობის სახელმწიფოები ამის მიმართ სოლიდარული არიან, სამხედრო უსაფრთხოების საკითხი დგება წინა პლანზე.
გუშინ ჩვენს სამხედრო ნაწილებში წავედი. არ ვიცი, როგორ გამოვხატო ის, რაც იქ ვნახე. ამ მხრივ, წინ ბევრი სამუშაოა. ეს არის მთავრობის საქმიანობის ყველაზე რთული სფერო. ალბათ, კარგად გახსოვთ 2008 წლის მოვლენები სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას აქვს გლობალური შედეგები. ჩვენი ალიანსის გაძლიერება, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ალიანსის და თავდაცვის უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა წინა პლანზე დგება. ამ მშვიდობისთვის უნდა გადავიხადოთ, ეს მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს, შეიარაღებული ადამიანის შენარჩუნება იაფი საქმე არ არის“, – აღნიშნა ასლან ბჟანიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ 2014 წლის ნოემბერში აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, სადაც საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ არის საუბარი.