ასლან ბჟანია - დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, დადებითი შედეგი მოგვცეს
დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის ლიდერმა“ და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.
როგორც ბჟანია ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას.
„ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ, იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა. ამიტომ ვამბობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა.
თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ესაა ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება. ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს. ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში. ეკონომიკა ის სფეროა, რაშიც ჩვენ გვაქვს კავშირები. გვაქვს საქონლისა და პროდუქციის გაცვლა-გამოცვლის გამოცდილება, ასევე მომსახურების სფეროში ურთიერთობები. ჩვენ უნდა ვნახოთ, რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ თუნდაც კერძო კომპანიებს შორის გაფართოვდეს თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ თუ ამის გაკეთება შევძელით, ეს შესაძლებელს გახდის ჩვენ ხალხებს შორის ნდობის აღდგენას. მე ასე მესახება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივა. ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ“,- განაცხადა ბჟანიამ.