ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა
ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო-სადღესასწაულო ღვთისმსახურება არამეულ ენაზე ჩატარდა. ეკლესიის ქორეპისკოპოსმა, ბენი ბეტიადეგარმა დღესასწაული მთელ ქრისტიანულ სამყაროს მიულოცა და მრევლს მშვიდობა უსურვა.
„დღეს საღამოს, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შობის დამდეგს წმინდა წამებულის, მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში აღევლინა ღვთისმსახურება, რომელსაც ესწრებოდა ჩვენი მრევლი თბილისიდან და გარდაბნიდან. ქალდეური წესის ღვთისმსახურება ერთ-ერთი უძველესია ქრისტიანულ სამყაროში, წირვა აღევლინება არამეულ ენაზე. შობის დღესასწაული ყოველთვის დაკავშირებულია უდიდეს ზეიმთან. სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე ბავშვთა და მოზარდთა სულ უფრო მეტი რაოდენობა იღებს მონაწილეობას ღვთისმსახურებაში. ისინი გალობენ საეკლესიო გუნდში, ასრულებენ დიაკვნების მოვალეობას, კითხულობენ ნაწყვეტებს წმინდა წერილიდან, რითიც ეუფლებიან უძველეს რელიგიურ ტრადიციებს და ეზიარებიან ქრისტეს სიყვარულს მათთვის მშობლიურ, არამეულ ენაზე. სწორედ იმ ენაზე, რომელზეც მაცხოვარი ქადაგებდა სიყვარულსა და სათნოებას სრულიად სამყაროს კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია საქართველოში წმინდა წამებულის, მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მოძღვრის, ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეტიადგარის საშობაო მიმართვაში.
ტრადიციულად, ლიტურგიის დასრულების შემდეგ ეკლესიის მრევლი ერთად შეიკრიბა სადღესასწაულო ტრაპეზზე, როგორც ერთი დიდი ოჯახი და აღნიშნეს ეს უდიდესი დღესასწაული. ეკლესიის წევრების განცხადებით, ეს ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია საკრებულოს სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლების დაახლოებისთვის, სიყვარულის გაზიარებისთვის, რათა ბავშვები გაიზარდონ თბილ, მზრუნველ ატმოსფეროში და ეს მომავალ თაობასაც გადასცენ.
ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია ერთ-ერთი უძველესია ქრისტიანულ აღმსარებლობებს შორის. მისი საპატრიარქო ბაღდათში მდებარეობს. საქართველოში კი მრევლს მხოლოდ ერთი ეკლესია აქვს, რომელიც თბილისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს.