ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს
ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს

ქრისტიანულ კონფესიებში ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა – ასირიულ-ქალდეურმა კათოლიკურმა ეკლესიამ უფლის შობა არამეულ ენაზე გალობით დაიწყო. საზეიმო საშობაო წირვა თბილისში მდებარე ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა.

მსახურებას თბილისსა და გარდაბანში მცხოვრები ასირიელები დაესწრნენ. ეკლესიის მოძღვარმა მრევლს და ქვეყანას მშვიდობა უსურვა.

ასირიელები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური რიცხვია და უფრო მნიშვნელოვანი თავად ამ დღესასწაულთან დაკავშირებული გზავნილებია, რომ გაავრცელონ სიყვარული და სიკეთე.

„დღეს არის წმინდა დღესასწაული შობა უფლისა, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ ქალდეურ-კათოლიკური წესის მიხედვით. მინდა, ყველა მორწმუნეს, ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულს, მივულოცო, აგრეთვე ვულოცავ ჩვენს მართლმადიდებელ ძმებს, რომლებიც ამ დღესასწაულს ორი კვირის შემდეგ აღნიშნავენ. ყველას ვუსურვებ პირველ რიგში მშვიდობასა და სიყვარულს“, – განუცხადა პირველ არხს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მოძღვარმა საქართველოში, ქორეპისკოპოსმა ბენიამინ ბეთ-იადეგარმა.