აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის სავარაუდო მსხვერპლი ჩვენებას მისცემს
ქალი, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილ კანდიდატ ბრეტ კავანოს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, კონგრესში ჩვენების მიცემას დათანხმდა. დაზარალებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კაპიტოლიუმის შენობაში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს მივა. მოსმენას დაესწრება თავად კავანოც.
ტრამპის რჩეული კავანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მომდევნო კვირაში უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა მის გარშემო აგორებული სკანდალის გამო, სენატის სხდომა გადაიდო.
კრისტინ ბლეიზი ფორდი ამტკიცებს , რომ კავანომ და მისმა მეგობარმა 80-იან წლებში სტუდენტური წვეულების დროს მისი გაუპატიურება სცადეს. თავად კავანო ბრალდებას უარყოფს.