ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ელჩს ცვლის. უკრაინული გამოცემა „უკრინფორმის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ელჩის როტაციას გეგმური უწოდეს. უწყებაში განმარტავენ, რომ მარი იოვანოვიჩი უკრაინაში თავის მისიას ასრულებს, ხოლო მისი ქვეყნიდან გამგზავრების თარიღი უკრაინაში პრეზიდენტის ძალაუფლების გადაცემას ემთხვევა.
„კიევში აშშ-ის საელჩოში, ასევე ვაშინგტონში ჩვენი გუნდი უკრაინის მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
მარი იოვანოვიჩმა უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა ჯეფრი პაიეტისგან 2016 წელს გადაიბარა.
უკრაინაში ახალი ელჩის კანდიდატურას აშშ-ის პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.