აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლევან იზორიას სამაგალითო რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლევან იზორიას სამაგალითო რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებგვერდზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას ბრიუსელში შეხვდა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

თავდაცვის მდივანმა მინისტრ იზორიას მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამაგალითო რეფორმებისთვის და ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის. მხარეები შეთანხმდნენ კვლავ გააგრძელონ რუსეთის აგრესიის შეკავება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში დახმარებითა და იმ თავდაცვის ინიციატივების მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მზადყოფნის განვითარებასა და ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის მიღწევას.

მატისმა კიდევ ერთხელ მტკიცედ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.