აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტი - თავდაცვის მდივანმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან დახმარებას
აშშ-ის სენატი მოუწოდებს ადმინისტრაციას, შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც უფრო რაციონალურს და პრიორიტეტულს გახდის ევროპაში აშშ-ის პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაშია ნათქვამი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.
„დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატო-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.
აშშ-ის სენატი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, ხელი შეუწყოს ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის რესურსების მობილიზებას და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სრულად გამოყენებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, აშშ-ის სენატმა 2019 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტის საკუთარი ვერსია 2018 წლის 18 ივნისს დაამტკიცა, რომელიც 2019 ფისკალური წლისათვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
კანონპროექტის #1235 ქვეთავი, რომელიც ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE), აღნიშნავს, რომ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს.