აშშ-ის სპეციალური პროკურორი დონალდ ტრამპის ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ითხოვს
აშშ-ის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი დონალდ ტრამპის ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. საქმე ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებას.
BBC-ის ცნობით, სპეცპროკურორმა „დოიჩე ბანკს“ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით უკვე მიმართა. წინა შემთხვევაში, ასეთი მოთხოვნის შესრულებაზე ბანკის ადმინისტრაციამ უარი თქვა.
ბანკში კომენტარის გაკეთებისგან თავს დღესაც იკავებენ. როგორც BBC წერს, ტრამპის ანგარიშებით სპეციალური პროკურორის დაინტერესება იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში, შესაძლოა, თავად პრეზიდენტი ტრამპი ფიგურირებდეს.
„დოიჩე ბანკი“ დონლად ტრამპის კუთვნილი ორგანიზაციებთან 2000-იანი წლებიდან თანამშრომლობდა. ასევე არსებობს ცნობები, რომ ამ ბანკში ანგარიშები არაერთ რუს ოლიგარქს ჰქონდა გახსნილი.
თავად ტრამპი მოსკოვთან თანამშრომლობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.