აშშ-ში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 62-ს გადააჭარბა. „ბიბისის“ ცნობით, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში ქარბუქის შედეგად 28 ადამიანია გარდაცვლილი. შტატის ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამხედრო პოლიცია. ადგილობრივი მთავრობა მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს, რადგან ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ტარდება.
ბუფალოში დაფიქსირდა მაროდიორობის შემთხვევები. პოლიციის კომისრის ცნობით, დაკავებულია ოთხი პირი.
აშშ-ში შტორმის გამო გაუქმდა ათასობით ავიარეისი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აეროპორტებში ათასობით მგზავრია ჩარჩენილი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.