აშშ-ში კომერციულ მეფუტკრეებს მალე ექნებათ ვაქცინა, რომელმაც მათი მწერები იმ გამანადგურებელი დაავადებისგან უნდა დაიცვას, რომელიც ამჟამად ფუტკრებს უტევს.
დაავადების, სახელად ამერიკული სიდამპლის (AFB) საწინააღმდეგო პრეპარატი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Dalan Animal Health-მა შექმნა. ამ გადამდებ დაავადებას სპორების წარმომქმნელი ბაქტერია Paenibacillus larvae იწვევს.
მუშა ფუტკრების სკაში შეტანის შემდეგ, ორალური ვაქცინა „ფუტკრის რძეში“ ხვდება, რომლითაც დედა ფუტკარი იკვებება.
პათოგენს მხოლოდ ერთი მასპინძელი ჰყავს: ფუტკრების ლარვა. სკის დაინფიცირების შემდეგ, მისი მოსპობა უკიდურესად რთულია. ბაქტერიის მოცილების ერთადერთი ეფექტიანი გზაა ყველაფრის ცეცხლში დაწვა: სკის, ხელსაწყოების და თავად ფუტკრების.
დაწვას გადარჩენილი ნებისმიერი სპორა ცოცხალი შეიძლება გადარჩეს 70 წელიწადი და მეტი და გზად შემხვედრი ნებისმიერი კოლონია ნებისმიერ დროს დააინფიციროს. სამწუხაროდ, ამ ბაქტერიებს მთელი სკის დაპყრობა სულ რაღაც სამ კვირაში შეუძლიათ და შესაბამისად, მეფუტკრეებს რეაგირებისთვის ძალიან ცოტა დრო აქვთ.
2022 წელს, კომპანია Dalan-მა ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის პლაცებოთი კონტროლირებული ცდა ჩაატარა. შედეგები დიდებული აღმოჩნდა. ტესტირებისას, პრეპარატმა მუშა ფუტკრები და დედა ფუტკარი არა მხოლოდ დაიცვა დაავადება AFB-სგან, არამედ, საკვერცხეებში მუშაობის შედეგად, იმუნიტეტი მიანიჭა შემდეგ თაობასაც.
Dalan-ის ფუტკრების ვაქცინას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ორწლიან პირობით ლიცენზიას მისცემს, მაგრამ არის იმის კარგი შანსი, რომ საჯარო პრეპარატის გამოყენება ამ ვადის იქითაც გაგრძელდება.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში, Dalan-ი ვაქცინის შეზღუდულ რაოდენობას მიაწვდის მეფუტკრეებს აშშ-ში. ამის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მეფუტკრეებს შეიძლება ვაქცინაზე პირდაპირი წვდომაც მიეცეთ.
„მეფუტკრეებისთვის დიდად ამაღელვებელი ნაბიჯია, რადგან ჩვენ დამოკიდებული ვიყავით ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე, რომლის ეფექტიანობაც შეზღუდულია და მოითხოვს ბევრ დროსა და ენერგიას. თუკი სკებში ამ ინფექციის პრევენციას შევძლებთ, აღარ დაგვჭირდება ძვირად ღირებული მედიკამენტები და ენერგიას ფუტკრების ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ელემენტების შენარჩუნებისკენ მივმართავთ“, — ამბობს მეფუტკრე, კალიფორნიის მეფუტკრეთა სახელმწიფო ასოციაციის ბორდის წევრი ტრევორ ტაუზერი.
მეთაფლია ფუტკრების პოპულაციათა გლობალური შემცირება თანამედროვე მსოფლიოს სერიოზული პრობლემაა. მხოლოდ აშშ-ში, სოფლის მეურნეობის ინტენსიური მეთოდების, საზიანო პესტიციდების, კლიმატის ცვლილების და სხვა ფაქტორთა გამო, ფუტკრების პოპულაცია 1962 წლიდან დღემდე 90 პროცენტით შემცირდა. ამ სიტუაციას „დამამტვერიანებელთა გლობალური კრიზისი“ უწოდეს.
ასეთი წარმოუდგენელი დანაკარგი ბუნებრივ ეკოსისტემებს არა მხოლოდ მოწყვლად პოზიციაში აგდებს, არამედ რისკის ქვეშ აყენებს ადამიანთა საკვებით მომარაგების მესამედს და ძირითად საკვებ საშუალებებს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, არასრულფასოვანი დამტვერვა ხილის, ბოსტნეულისა და თხილეულის გლობალურ მოსავალს 3-5 პროცენტით ამცირებს.
შედეგად, მრავალ ადამიანს ურთულდება ხელმისაწვდომობა ჯანსაღ საკვებზე, რაც წელიწადში დაახლოებით 427 000 ადამიანის სიკვდილს იწვევს ავადმყოფობათა შედეგად.
საინტერესოა, რომ ჰარვარდის მკვლევართა მიერ გამოყენებულ მოდელებში, შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დაკარგონ დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა, ამის მიზეზი კი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის კლება იქნება.
ჯანმრთელობაზე ეფექტები ყველაზე მეტად გამოიკვეთა საშუალო და მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, რისი მიზეზიც ალბათ დღევანდელი გლობალური სურსათის სისტემის ბუნებაა, რომელშიც მდიდარი ქვეყნები მიდრეკილი არიან სურსათის იმპორტისკენ.
„ეს კვლევა აჩვენებს, რომ დამამტვერიანებელთა დასახმარებლად არაფრის გაკეთება არა მხოლოდ ბუნებას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობასაც აზიანებს“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი მეთიუ სმიტი.
ვაქცინა, რომელიც ფუტკრებს დაიცავს, ჩვენთვისაც დიდი შეღავათია.
კვლევა Environmental Health Perspectives-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.