აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ აგენტს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ აგენტს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 55 წლის ჯერი ჩუნ ლი 2007 წლამდე ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობდა.
გამოძიების ინფორმაციით, ფედერალური სააგენტოდან წასვლის შემდეგ ის ჰონგ-კონგში ჩინელმა აგენტებმა გადაიბირეს, რის შემდეგაც ამერიკული თავდაცვის კომპლექსზე ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ჩინეთისგან თანხას იღებდა.
ამერიკულ დაზვერვაში 13-წლიანი მუშაობის დროს დაგროვებული ინფორმაციის სანაცვლოდ ყოფილმა აგენტმა საერთო ჯამში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი მიიღო.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი იუწყება, ჯერი ჩუნ ლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საშუალებით ჩინეთმა 2010-2012 წლებში ამერიკის სასარგებლოდ მომუშავე ინფორმატორების იდენტიფიცირება მოახერხა. სწორედ ამ პერიოდში აშშ-ის 20 ინფორმატორი მოკლეს.
აღნიშნული საქმე აშშ-ში პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წელს აშშ-მა მსგავსი დანაშაულის გამო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კიდევ ორი აგენტი გაასამართლა. 2019 წლის მაისში 20 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ყოფილ აგენტს, კევინ მელორის. ამავე წლის სექტემბერში კი იგივე დანაშაულის გამო რონ ჰენსენს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.