აშშ-ის სენატისთვის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ანგარიში მომზადდა
აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის მიერ ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია იყენებდა ყველა ძირითად სოციალურ ქსელსა და მედიაპლატფორმას სხვადასხვა ელექტორალურ ჯგუფზე მიზნობრივად ზემოქმედებისათვის. გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია სენატის დაზვერვის კომიტეტისთვის მომზადებულ ანგარიშში არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. ანგარიშის თანახმად, ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა.
ანგარიშში საუბარია „ტროლების ქარხნის“ სახელწოდებით ცნობილი რუსეთის „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ მუშაობის მეთოდებზე.
ანგარიშში ავტორები არიან ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტები, რომლებიც პროპაგანდის მოდელირების პროექტში მუშაობენ და ანალიტიკური კომპანია Graphika-ს სპეციალისტები, რომლებმაც სოციალურ ქსელებში Facebook-ში, Twitter-სა და Instagram-ში, ასევე ვიდეოპორტალ YouTube-ში მილიონობით პოსტი შეისწავლეს.
გამოცემა The Washington Post-ის ჟურნალისტების მტკიცებით, მათ ხელში ჩაუვარდათ ჯერ გამოუქვეყნებელი ანგარიშის პროექტი, რომელიც გაზეთის შეფასებით, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ყველაზე მასშტაბურ ანალიზს წარმოადგენს. მკვლევარების მონაცემებით, კამპანია მიმართული იყო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიისთვის, კერძოდ, დონალდ ტრამპისთვის უპირატესობის შექმნისკენ. ამ მიზნისთვის გამოყენებული იყო სოციალური ქსელების ათასობით ანგარიში. დეზინფორმაციის კამპანიაში ჭარბობდა ისეთი თემები, როგორიცაა იარაღის ფლობის უფლება, მიგრაციის პრობლემა.