აშშ-ის სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის საბოლოო განაჩენის გამოცხადების თარიღი გადადო
ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის საბოლოო განაჩენის გამოცხადების თარიღი გადადო. ამერიკული მედიის ცნობით, მოსამართლე მიზეზად ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობას ასახელებს.
როგორც ემეტ სალივანმა აღნიშნა, მაიკლ ფლინის საბოლოო განაჩენი პატიმრობა იქნება, თუმცა ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს და საჭირო ცნობები მიაწოდოს.
ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, მაიკლ ფლინი დონალდ ტრამპის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა როგორც არადეკლარირებული ლობისტი. ამ საქმიანობას კი სწორედ მაშინ ეწეოდა, როდესაც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში მუშაობდა და უსაფრთხოების საკითხებში მომავალი პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე განიხილებოდა.
ვაშინგტონის ფედერალურ მოსამართლეს ფლინის წინააღმდეგ საბოლოო განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით სასამართლოს მოსმენის ახალი თარიღი არ დაუსახელებია. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეში სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერსა და ფლინის ადვოკატს საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშის წარსადგენად დრო 2019 წლის 13 მარტამდე მისცა.