აშშ-ის საპასუხოდ, რუსეთიდან შესაძლოა, 60 ამერიკელი დიპლომატი გააძევონ
აშშ-ის საპასუხოდ, რუსეთიდან შესაძლოა, 60 ამერიკელი დიპლომატი გააძევონ

ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხოდ, რუსეთიდან შესაძლოა, 60 ამერიკელი დიპლომატი გააძევონ,- ამ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე, ვლადიმერ ჯაბაროვზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„გასაგებია, რომ გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს, მაგრამ ასევე ნათელია, რომ ჩვენი ზომებიც ანალოგიური იქნება და სავარაუდოდ შეეხება იმავე რაოდენობის თანამშრომელს, რადგან ჩვენ ერთნაირი მისიები გვაქვს“, – განაცხადა ჯაბაროვმა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ამერიკული პოლიტიკური ელიტების ზეწოლით მიიღო.

„ის საკმაოდ მკაცრად აკრიტიკეს იმის გამო, რომ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მაინც მიულოცა, შედეგად მას ამ გადაწყვეტილების მიღება მოუხდა, რათა მათ დაუმტკიცოს, რომ ის რუსეთის მეგობარი არაა“,- განაცხადა ჯაბაროვმა.

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს და სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოს ხურავს, – ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

„ეს არის სოლიდარობა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიმართ, რომელიც ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთს ღიად ადანაშაულებს“,- აცხადებენ თეთრ სახლში.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს. სერგეი სკრიპალმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს მიიღო.

დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.