აშშ-ი საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება საქართველოში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტების დროებით ჩაკეტვას. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.
„აშშ-ი შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დროებით დაკეტოს. ეს შეზღუდვა ემთხვევა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას და წარმოადგენს გადაადგილების შეზღუდვას, ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
ამას გარდა, აშშ-ი მოითხოვს, რომ დე ფაქტო და რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ, 7 მაისს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები ორი დღით დაკეტა.
როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელები აცხადებენ, საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაკეტვა „ დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესთან” დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდება.
ე.წ. საზღვარზე მოძრაობა დღეს 20:00 საათიდან აიკერძალება და 10 მაისის დილის 08:00 საათიდან აღდგება.