აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მექსიკის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას დადებითად აფასებს
უსაფრთხოება, სავაჭრო ურთიერთობები და მიგრაცია – აღნიშნული საკითხები განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მექსიკის მთავრობასთან შეხვედრისას.
მაიკ პომპეო აშშ-ის დელეგაციის წევრებთან ერთად, მექსიკის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოს შეხვდა, შემდეგ კი, ახალარჩეულ პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს.
ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, რომელშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერიც მონაწილეობს, მეხიკოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მექსიკის მთავრობასთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ჩავიდა.
პომპეომ ორი კვირის წინ არჩეულ მემარცხენე პრეზიდენტთან, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორთან გამართული აუდიენცია დადებითად შეაფასა. მისი თქმით, რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა მექსიკის ახალ მთავრობასთან დღეს უფრო რეალურია, ვიდრე ერთი წლის წინ.
„ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საზღვრის დაცვა და უსაფრთხოება იყო. შეხვედრას ახალარჩეულ პრეზიდენტთან დადებითად შევაფასებდი. ვფიქრობ, ბატონი ობრადორი აცნობიერებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ, რაც ორივე მხარისთვის ნაყოფიერი შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.