აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღი 2021 წელს აღარ იქნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა, ფხენიანთან დიალოგი დაიწყოს, რათა ჩრდილოეთ კორეაში 2021 წლისთვის ბირთვული შეიარაღება აღარ იყოს.
მაიკ პომპეოს თქმით, აშშ მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად ამ საკითხზე ერთობლივი დიალოგი დაიწყოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ იორკში მიიწვია. ვიზიტი შემდეგ კვირაში შედეგება.
კიდევ ერთი შეხვედრა ვაშინგტონის და ფხენიანის წარმომადგენლებს შორის სავარაუდოდ ფხენიანში გაიმართება.
„ეს იქნება იმ მოლაპარაკებების დაწყება, რომელთა მიზანიც არის აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების გარდაქმნა, რაც ჩრდილოეთ კორეის სწრაფი ბირთვული განიარაღების გზით მოხდება. ეს პროცესი კიმ ჩენ ინის მიერ აღებული ვალდებულების მიხედვით 2021 წელს უნდა დასრულდეს და უნდა მიგვიყვანოს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობასა და სტაბილურობასთან“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების კონკრეტული თარიღი დაასახელა.