აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მაიკ პომპეოს შემაჯამებელი განცხადების ტექსტი გამოქვეყნდა
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კვლავ მტკიცეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც, – ასეთი იყო მაიკ პომპეოს შემაჯამებელი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
„როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გასული წლის ივლისში, თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. ამაყები ვართ თქვენთან სტრატეგიული თანამშრომლობით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მაიკ პომპეომ რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ქვეყანა განაგრძობს რეფორმების პროცესს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ძლიერი ეკონომიკა და ღია საზოგადოება საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფუძველს წარმოადგენს. კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულ ხელისუფლებას ეკონომიკური და დემოკრატიული წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის კი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობაზეც ისაუბრა. მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია. სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო უსაფრთხოების საკითხებში კვლავაც მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობენ.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია