სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გავრცელებული ცნობების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
სირიის რეჟიმის დაცვით რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენების თავიდან აცილებაზე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 30 დღის განმავლობაში სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ექვსი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
„სახელმწიფო მდივანმა გასულ თვეში პარიზში აღნიშნა, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ ღუტაში მსხვერპლზე და ქიმიური იარაღის მსხვერპლ მრავალ სხვა სირიელზე მას შემდეგ, რაც რუსეთი საომარ მოქმედებებში ჩაერთო. სირიის რეჟიმის პასუხისმგებლობისგან დაცვით, რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს. სირიაში ყველა მხარის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად უნდა შეწყდეს. სირიელი ხალხი იტანჯება; დანარჩენი მსოფლიო კი უყურებს ამას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.