აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - შემაშფოთებელია საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზრდა
შემაშფოთებელია საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზრდა – ამის შესახებ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, თემაზე „ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგია“, რომლის ერთი თავიც საქართველოსაც ეთმობა.
215-გვერდიანი დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიურომ მოამზადა. ანგარიშში 70 სახელმწიფო მოხვდა.
ანგარიშში წერია, რომ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა ნარკომანიის წინააღმდეგ აქტიურია. დადებითად ფასდება საპოლიციო ატაშეების რაოდენობის გაზრდა, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემის შემუშავება.
ამის მიუხედავად, 215-გვერდიანი დოკუმენტში ასევე ხაზგასმით წერია, რომ შემაშფოთებელია საქართველოში სათამაშო ბიზნესის სწრაფი ზრდა.
„საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის სწრაფი ტემპებით ზრდა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემუშავებული სტრატეგიისა და ზედამხედველი მარეგულირებელი ორგანოს ნაკლებობა შეშფოთებას იწვევს. დღეს საქართველოში 140 კაზინო ფუნქციონირებს“, – წერია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2015 წელს გაკეთებული ჩასწორება 104-ე მუხლში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებს გააძლიერებს. კერძოდ, საქართველოს ფინანსურ სამსახურს უფლება აქვს, შეაჩეროს საეჭვო ფულადი გადარიცხვების ოპერაციები; ქაღალდის ფულის ტრანსპორტირების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი საბუთები; შეამოწმოს საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის დანიშნულება; გაზარდოს სანქციები ფულის ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტირების დროს, თუ რაიმე დარღვევა შეინიშნება; ასევე შეიმუშავოს სპეციალური კრიტერიუმები სათამაშო ბიზნესის მფლობელებისთვის და მენეჯერებისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ ანგარიშში საქართველოს ნარკოპოლიტიკის სხვადასხვა მიმართულება პირველად მოხვდა.