აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელშიც ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრას აფასებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით კონკრეტული პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.
„აშშ მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, გააღრმავოს თანამშრომლობა და ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა სერვისი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. დელეგაციის წევრებმა მხარი დაუჭირეს ნდობის აღდგენის ზომებს, რაც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას, მშვიდობის დამყარებას და შერიგებას“, – ნათქვამია რელიზში.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას ისეთი გამოწვევების დასაძლევად, როგორიც არის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. განხილული იყო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები, რომელთა მიზანიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს განათლების სფეროში რეფორმების მნიშვნელობას.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო განაგრძობს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობას, რათა განათლების სისტემა უფრო მეტად იყოს სტუდენტზე და ხარისხზე ორიენტირებული, ფოკუსირებული კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა მხარი დაუჭირეს გაცვლითი და სასწავლო პროგრამების გაგრძელებას, როგორც სტუდენტებისთვის, ისე პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც. ასევე, დაადასტურეს ხალხთა შორის ურთიერთობების მნიშვნელობა.
„2018 წელს Peace Corps განაახლებს თანამშრომლობას განათლების სამინისტროსთან, რათა ჩაატაროს ინგლისური ენის ტრეინინგები და სხვა სფეროების განვითარებაც გაგრძელდეს“ – წერია პრესრელიზში.
აშშ მიესალმა და შეაქო საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის სფეროში არსებული წარმატებული შედეგები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს. ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების გაგრძელების მნიშვნელობა.