აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს
ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. ვაშინგტონი გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს და ორი ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოხატავს შავ ზღვაში 25 ნოემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც უკრაინული ხომალდები ქერჩის სრუტეზე გავლას ცდილობდნენ. ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ხომალდები დაეჯახნენ და ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ გემებს და მათ მიტაცებამდე დაჭრეს უკრაინული ეკიპაჟის წევრები, საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს.
აშშ-ი გმობს რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნოს უკრაინას ხომალდები, დაკავებული ეკიპაჟის წევრები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სიტუაციის მოსაგვარებლად პრეზიდენტებს, პოროშენკოსა და პუტინს პირდაპირი დიალოგისკენ მოვუწოდებთ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას ნორმანდიული ოთხეულის ფორმატს.
აშშ-ი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ტერიტორიულ წყლებზე, ისევე როგორც – მათი ხომალდების უფლებას გადაკვეთონ საერთაშორისო წყლები. როგორც ჩვენს ყირიმის დეკლარაციაშია აღნიშნული, აშშ-ი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მცდელობას“ – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.