აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება კვლავ რჩება გამოწვევად საქართველოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება კვლავ რჩება გამოწვევად საქართველოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.

სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ ანგარიშში პირველად მოხვდა საქართველოს ნარკოპოლიტიკის სხვადასხვა მიმართულება და არა მხოლოდ სამართალდამცავთა საქმიანობა, როგორც ეს იყო შარშან. სამართალდამცავი უწყების მუშაობის პარალელურად, ანგარიშში საუბარია ნარკომანიის პრევენციის, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის საკითხებსა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობაზე ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება საქართველოსათვის კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. ქვეყანაში ნარკოტიკის 50 000-მდე ინტრავენური მომხმარებელია და ეს რიცხვი იზრდება; მაღალია მეთადონის, ჰეროინის, ბუპრენორფინისა და სინთეტიკური ოპიოიდების მოხმარების მაჩვენებელიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა ნარკოდანაშაულის პრევენციის მიმართულებით, კერძოდ, 2017 წელს ჩატარებული კამპანია, რომელიც ნარკოტიკის მოხმარების მავნე შედეგებზე ახალგაზრდების ინფორმირებას ემსახურებოდა. პრევენციული ანტინარკოტიკული კამპანიის სამიზნე აუდიტორია თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მისიებთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან. ასეთი მრავალმხრივი თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული.

დადებითად ფასდება სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაც ნარკომანიის წინააღმდეგ; კერძოდ, საპოლიციო ატაშეების რაოდენობის გაზრდა, ასევე, შსს-ში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემის შემუშავება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. უწყებათაშორისი ორგანოს მიზანია ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება.

საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, შეიმუშავებს ქვეყნის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.