აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - კანონი და პოლიტიკა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს პრივილეგიებს, რომლებიც არ გააჩნია რომელიმე სხვა რელიგიურ ჯგუფს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - კანონი და პოლიტიკა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს პრივილეგიებს, რომლებიც არ გააჩნია რომელიმე სხვა რელიგიურ ჯგუფს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი.

„კონსტიტუცია უზრუნველყოფს „რელიგიის სრულ თავისუფლებას“, ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნას და თანასწორობას ყველასთვის განურჩევლად რელიგიისა. ის კრძალავს რელიგიურ ნიადაგზე დევნას. კანონი და პოლიტიკა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს პრივილეგიებს, რომლებიც არ გააჩნია რომელიმე სხვა რელიგიურ ჯგუფს, მათ შორის სამართლებრივ იმუნიტეტს ქართულ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისთვის და კონსულტაციურ როლს განათლებაში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო შესწორებებმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა იმის გამო, რომ ისინი ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე რელიგიის თავისუფლებას ზღუდავდა. მოგვიანებით, პარლამენტმა ხელახალი შესწორებები შეიტანა კონსტიტუციის სადავო შესწორებებში, რათა რეაგირება მოეხდინა რელიგიის თავისუფლების პოტენციური შეზღუდვასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017 წელს საქართველოს მთავრობამ გამოიძია რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შვიდი შემთხვევა.

„არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი განაგრძობდა რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობის შესახებ საუბარს, რაც კვლავ პრობლემად დარჩა. თუმცა სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ძალადობის მხოლოდ სამი შემთხვევის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც კლების ტენდენციის მაჩვენებელია“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში.

კვლევის ავტორთა ინფორმაციით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და რელიგიური უმცირესობებს ჯგუფები განაგრძობდნენ საუბარს იმაზე, რომ ნაციონალური და ადგილობრივი მთავრობები რელიგიური უმცირესობების ჯგუფების მიერ რელიგიური დანიშნულებისთვის შენობების მშენებლობას წინააღმდეგობას უწევენ. მაგალითად, მუსლიმთა წარმომადგენლები ბათუმში მეჩეთის გაფართოებისა ან მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე ან გამჭვირვალობის ნაკლებობის შესახებ საუბრობდნენ.

„რელიგიური ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აკრიტიკებდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არატრანსპარენტული მუშაობისთვის, ეკლესიასა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნის არასათანადო ხელშეწყობისთვის, საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული შენობების დაბრუნების პროცესში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უპირატესობის მინიჭებისთვის და საჯარო სკოლებში რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის აქტებზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ არაადეკვატური რეაგირებისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გასცა სამთავრობო კომპენსაცია საბჭოთა პერიოდში რელიგიური ჯგუფებისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალისთვის და შეასრულა რელიგიური საკუთრების საკითხებზე საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციები“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რელიგიური აქტივობები კვლავ შეზღუდული რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომლებიც ცენტრალური მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანახმად, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ვერ აღავლენენ ღვთისმსახურებას „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ იანვარში აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბულდოზერით დაანგრიეს ეკლესია და სასაფლაო, 17 ოქტომბერს კი „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „უზენაესმა სასამართლომ“ „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა. „იეჰოვას მოწმეების“ აკრძალვა გაგრძელდა აფხაზეთშიც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017 წლის განმავლობაში საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალიზმისა და ძალადობის ფაქტების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

იეჰოვას მოწმეებმა განაცხადეს მათ წევრებზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის 10 შემთხვევის შესახებ. რელიგიური უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლები განაგრძობდნენ საუბარს საზოგადოებაში გავრცელებული აზრის შესახებ, რომ რელიგიური უმცირესობების ჯგუფები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ქვეყნის კულტურული ღირებულებებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. არასამთავრობო ორგანიზაციას „მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) ნაციონალურ მედიაში რელიგიურად არატოლერანტული განცხადებების სულ მცირე 92 შემთხვევა დააფიქსირა“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში რელიგიური თავისუფლების შესახებ.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი,მთავრობასა და რელიგიური უმცირესობების ჯგუფებს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით, აშშ-ის ელჩი და საელჩოს სხვა თანამშრომლები რეგულარულად ხვდებოდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და პრეზიდენტის მრჩეველთან უმცირესობების საკითხებში. ამასთან, აშშ-ის ელჩი რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, რომელთანაც ხაზი გაუსვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მნიშვნელობას რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობაში. ამას გარდა, ელჩი და საელჩოს თანამშრომლები მოგზაურობდნენ ქვეყნის რეგიონებში, სადაც ხვდებოდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. საელჩომ დააფინანსა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა მონაწილეობა აშშ-ში რელიგიური თავისუფლების შესახებ პროგრამაში.