აშშ-ის სახაზინო მდივანი - „კრემლის ანგარიშს“ რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები მოჰყვება
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „კრემლის ანგარიშს“ რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები მოჰყვება. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა სტივენ მნუჩინმა სენატის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სანქციები იქნება“, – განაცხადა მნიჩინმა. ამავე დროს, ამერიკელ მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, რა სანქციებია მოსალოდნელი.
„უკვე შესრულებულია მნიშვნელოვანი სამუშაო და ჩვენ მზად ვართ, კანონმდებლებთან ანგარიშის გასაიდუმლოებული ნაწილი განვიხილოთ. ამის მიხედვით, ჩვენ მზად ვიქნებით, გადავდგათ მომდევნო ნაბიჯები“, – განაცხადა სტივენ მნუჩინმა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი კონგრესში დახურულ მოსმენებზე განიხილება.
როგორც მნუჩინმა აღნიშნა, ე.წ. „კრემლის ანგარიში“ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტისა და სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა ღია მონაცემების საფუძველზე მოამზადეს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „შავ სიაში“ 210 პირი მოხვდა, მათ შორის, რუსეთის მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და რუსი ბიზნესმენები.
გამოქვეყნებული „შავი სია“ დონალდ ტრამპის მიერ 2017 წლის 2 აგვისტოს ხელმოწერილი კანონის ნაწილია.
„ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების საშუალებით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“ აქტის თანახმად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს 180 დღის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტთან და ნაციონალურ დაზვერვასთან თანამშრომლობით უნდა მოემზადებინა და კონგრესისთვის წარედგინა რუსეთის ბიზნესისა და ხელისუფლების კავშირების შესახებ ანგარიში.