აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სირიის ქიმიური იარაღის პროგრამასთან კავშირში მყოფ პირებს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სირიის ქიმიური იარაღის პროგრამასთან კავშირში მყოფ ხუთ ჯგუფსა და რვა პირს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
აღნიშნული პირები იარაღის სააგენტოსთვის ელექტრონული აღჭურვილობის მოძიებით იყვნენ დაკავებული.
„ქიმიური იარაღის საშინელი გამოყენება, მათ შორის თავდასხმა უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებზე ღრმად ჩაიბეჭდა ჩვენს გონებაში”, – განაცხადა სიგალ მანდელკერმა, სახაზინო დეპარტამენტის ტერორიზმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ.
„დღეს ჩვენ განვაგრძობთ კამპანიას ასადის რეჟიმის დაუნდობელი თავდასხმების შესაჩერებლად”, -აცხადებს მაღალჩინოსანი.
სანქციებში მოხვედრილთა შორის არის Electronics Katrangi Trading. ლიბანში დაფუძნებული კომპანია, რომელიც სირიაში, ეგვიპტეში, ჩინეთსა და საფრანგეთში ოპერირებს. სახაზინო დეპარტამენტი ამ კომპანიას წამყვან მიმწოდებლად ასახელებს სირიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისთვის, რომელიც ქიმიური იარაღის პროგრამას უდგას სათავეში.