აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ, ევროკავშირის კრიტიკული რეზოლუცია სამმა ქვეყანამ დაბლოკა
აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ, ევროკავშირის კრიტიკული რეზოლუცია  სამმა ქვეყანამ დაბლოკა

აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღება ევროკავშირის სამმა ქვეყანამ დაბლოკა.

განცხადების გამოქვეყნების წინააღმდეგ ჩეხეთი წავიდა. მას მხარი უნგრეთმა და რუმინეთმა დაუჭირეს. საბოლოოდ,  ევროკავშირში კომპრომისს მიაღწიეს და გადაწყდა, რომ განცხადების ტექსტი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის სახელით გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, ხვალ 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70-ე წლისთავზე, აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანაა დაგეგმილი. ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ის აპირებს აშშ-ის მსგავსად მოიქცეს.

საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ მსჯელობა ბუქარესტშიც მიმდინარეობს.

ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება ტრამპმა შარშან დეკემბერში მიიღო. ამას მუსლიმური ქვეყნების ნაწილში საპროტესტო აქციები მოჰყვა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ვაშინგტონის გადაწყვეტილება დაგმო.