საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მუშაობის შეჩერების გამო, საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს.
როგორც საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ- ის საელჩოს საკონსულო მომსახურება გაგრძელდება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე.
„თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს. აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება მეორე მცდელობითაც ვერ შეძლო. შედეგად, ქვეყნის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა.
აშშ-ში ეს უკვე რიგით მეორე ე.წ. შათდაუნია (Shutdown) მიმდინარე წელს.
19 იანვარს კენჭისყრის ჩავარდნის მიზეზი, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დოკუმენტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების არსებობა გახდა.
მთავრობის მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. მოგვიანებით, კი დროებითი ბიუჯეტი მიიღეს, რომლის ვადაც 8 თებერვალს ამოიწურა.