აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სინგაპურში დაგეგმილი სამიტი არ შედგება
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სინგაპურში დაგეგმილი სამიტი არ შედგება, – ამის შესახებ ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.
წერილში დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინის ბოლო განცხადებები სიბრაზესა და ღია მტრობას შეიცავს, ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი სამიტის გამართვას ამ ეტაპზე შეუსაბამოდ მიიჩნევს.
„თქვენ საუბრობთ თქვენს ბირთვულ შესაძლებლობებზე, თუმცა ჩვენი იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ვლოცულობ, მათი გამოყენება არასდროს გახდეს საჭირო“ , – წერს დონალდ ტრამპი.
ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მაინც შეძლებს და მადლობას უხდის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ამერიკელი მძევლების გათავისუფლებისთვის.
„თუ ამ უმნიშვნელოვანეს სამიტთან დაკავშირებით აზრი შეიცვალეთ, გთხოვთ, არ მოგერიდოთ ჩემთან დარეკვა ან მოწერა. მსოფლიომ, კერძოდ კი ჩრდილოეთ კორეამ, დაკარგა მდგრადი მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიმდიდრის დიდი შესაძლებლობა. ეს დაკარგული შესაძლებლობა ნამდვილად სამწუხარო მომენტია ისტორიაში“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისს იყო დაგეგმილი.