საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ოთხი სპეცმანქანა გადაეცა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ოთხი სპეცმანქანა გადასცა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება და მთიან რეგიონებში განაწილდება. სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი მანქანები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა. სპეცმანქანების საშუალებით დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი.
ავტოტრანსპორტის გადაცემის ცერემონიას დაესწრო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე. მან მანქანების აღჭურვილობა აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლებთან – ორმხრივი ურთიერთობის ოფიცერ, მაიორ კვინტინ დოლთან და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერ, დავით სანიშვილთან ერთად დაათვალიერა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის მაღალი გამავლობის, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანების გადაცემა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა.